მაშველები ახმეტაში დაშავებულ ტურისტს დაეხმარნენ (ფოტო,ვიდეო)

მაშველები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუმელაურთაში დაშავებულ ტურისტს დაეხმარნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ადგილზე გავიდნენ.
,,მაშველებმა დაშავებული ტურისტი მთიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფთან დროულად ჩაიყვანეს. ექიმების განმარტებით, 30 წლის ირანის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე და დაშავებულის სახმელეთო ტრანსპორტირება მის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიდა. ტრავმების სიმძიმის, რთული რელიეფისა და დიდი მანძილის გამო, სამაშველო ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
ომალოს მიმართულებით, სადაც დაშავებული ტურისტი იმყოფებოდა, თბილისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გავიდა განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი. ტურისტი გადმოყვანილია თბილისში, სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც შესაბამის სამედიცინო დახმარებას გაუწევენ. სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახმეტის მუნიციპალიტეტის სამაშველო ჯგუფი, განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი,”- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები