მამა შალვა: ვინმე დაფიქრებულა მარიხუანას ზეგავლენის ქვეშ ნაყოფი თუ ჩაისახება, როგორი მძიმე დაავადებისთვის ვწირავთ ახალშობილს?
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა, დეკანოზი შალვა კეკელია მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მომავალი თაობისთვის დამღუპველი გადაწყვეტილება მიიღო.
„იქნებ ვკითხოთ ნარკომომხმარებლების მშობლებს, ძმებს, დებს, მეუღლეებს, როგორ მდგომარეობაში არიან, როცა ყოველდღიურად უწევთ ნარკოდამოკიდებული ოჯახის წევრის სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლა?! ან თუ დაფიქრდა საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი მოსამართლე, რამდენნაირ დაავადებას იწვევს მარიხუანა?
ყოველდღე მიწევს ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა და ვიცი, რამდენად გაიზარდა ფსიქოაშლილობით დაავადებული მოქალაქეების რიცხვი. მარიხუანა კი არა, სიგარეტის მოწევას რომ ანებებს ადამიანი თავს, უჭირს კარგ ხასიათზე ყოფნა. გარდა ამისა, ვინმე დაფიქრებულა მარიხუანას ზეგავლენის ქვეშ ნაყოფი თუ ჩაისახება, როგორი მძიმე დაავადებისთვის ვწირავთ ახალშობილს?
არა მხოლოდ როგორც სასულიერო პირს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს მინდა, რომ საზოგადოება, მათ შორის, ის ნაწილიც, რომელიც არაეკლესიურად ცხოვრობს, ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევდეს, ჯანსაღი თაობა გვეზრდებოდეს, ნარკოტიკებისკენ მიდრეკილების გარეშე“, -აცხადებს მამა შალვა კეკელია “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.