მამუკა მდინარაძე: არც ისეთი მნიშვნელოვანია ეს 25 და 30 მილიონი ევრო, რომ ამისთვის ჩვენ შანტაჟის იარაღი დავუტოვოთ ხელში ქართულ აგენტურულ ქსელს და ოპოზიციას
მაგალითად, სოფლის მეურნეობის პროექტებში 300 მილიონზე მეტს ხარჯავს ქართული სახელმწიფო, 5 მილიონ ევროს ევროკავშირის ეს კონკრეტული საგრანტო პროექტები და ამ 5 მილიონზე ვართ დამოკიდებულები სოფლის მეურნეობაში? ხომ ხვდებით რამდენად ირაციონალურ თანხებზეა საუბარი, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული საგრანტო პროექტები სანდოობის კი არა, შანტაჟის გარანტიაა.
„ლომჯარია უნდა გამოვიდეს და თქვას, დავიღუპეთ. არავის ვღუპავთ. სინამდვილეში, თქვენ თუ ხართ ჩართული ამ საგრანტო პროგრამაში, ქართული სახელმწიფო გადაგიხდით ფულს და ქართველი გადამხდელის ფულით გააკეთებთ ამ კარგ საქმეს.
ხელფასი, გირჩევნიათო როგორ გითხრათ, მაგრამ არ გირჩევნიათ მართლა ქართული სახელმწიფოს და ქართველი გადამხდელის ფულით აკეთოთ ქართული საქმე, თუ ქართულს აკეთებთ. ბოლო ბოლო, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არც ისეთი მნიშვნელოვანია ეს 25 და 30 მილიონი ევრო, რომ ამისთვის ჩვენ შანტაჟის იარაღი დავუტოვოთ ხელში ქართულ აგენტურულ ქსელს და ოპოზიციას.
საგრანტო პროექტები რაც არსებობს, ევროკავშირის მხრიდან დაფინანსებული, გაგრძელდება ჩვეულებრივად. არ შეგაწუხებთ ბატონო, ვეუბნებით. უღრმესი მადლობა, არ შეგაწუხებთ ერთადერთი მიზეზით, აგერ თქვენ თუ არა, თქვენ რომ არ დაგაბრალოთ, რბილად რომ ვთქვათ, ვიღაც ვიღაცები ამ ქვეყანაში ამ პროექტებს, თანხას იყენებენ შანტაჟის იარაღად.
გახსოვთ ხომ კრედიტის ამბავი. კრედიტს არ მისცემენ საქართველოს. ნუ მისცემენ. გერმანიის და საფრანგეთის დონეზე კი არ ვართ, მაგრამ როგორც იქნა ეს ქვეყანა დადგა ფეხზე ისე, რომ ჩვენ თვითონ გვაქვს ამისი გასტუმრების თავი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.