„გზაში ჩატაევმა ამირიძე, ლორთქიფანიძე და ადეიშვილი ახსენა და ინატრა, ნეტავ სადმე შეიძლებოდეს მათი ნახვაო“
“კვირის პალიტრა” აგრძელებს აჰმედ ჩატაევის საქართველოში შემოსვლისა და ცხოვრების ექსკლუზიური დეტალების გამოქვეყნებას. როგორც უკვე ცნობილია, აჰმედ ჩატაევი 27 ოქტომბერს „ძმებმა“ ხოფიდან თურქეთ-საქართველოს საზღვრამდე მიაცილეს და შემდგომ გზა აბუ-ჰურეირასა და აბდურაჰამნთან ერთად განაგრძო. აჭარის მთებში მოხეტიალეებმა უკვე იცოდნენ, რომ საქართველოს საზღვართან მათ ასევე „ძმები“ დახვდებოდნენ. შეხვედრა მართლაც შედგა – სოფელ მარადიდში.
გთავაზობთ ერთ-ერთ ამონარიდს მოწმის ჩვენებიდან, რომელსაც „კვირის პალიტრა” აქვეყნებს.
“უკვე ბათუმში მძღოლს ვუთხარი, ქალაქში მანქანა გაეჩერებინა, რადგან მეგობარი მყავდა სანახავი და წასვლას ვაპირებდი. ამის გაგონებაზე ჩატაევმა ჩეჩნურად მითხრა, მანქანიდან შენი გადასვლა არ გამოვა, თბილისში უნდა წამოხვიდეო. გზაში ჩატაევმა სანდრო ამირიძე (ყოფილი ანტიტერორისტული ცენტრის სამმართველოს უფროსი, მოლაპარაკებას აწარმოებდა ლოპოტის ხეობაში შეიარაღებულ ჯგუფთან – ავტ.), ლორთქიფანიძე (გია ლორთქიფანიძე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე – ავტ.) და ადეიშვილი (ყოფილი იუსტიციის მინისტრი – ავტ.) ახსენა და ინატრა, ნეტავ სადმე შეიძლებოდეს მათი ნახვაო. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩატაევი ამ პირებს ემუქრებოდა” (მოწმის ჩვენებიდან).
ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, მგზავრობის დროს, მანქანაში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, ამის მიზეზი კი წინ მსხდომთა ერთმანეთში პერიოდული კამათი იყო. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩატაევმა ორივე გააფრთხილა, ამას დიდხანს აღარ მოვითმენო.