თავდასხმა “კანონიერი ქურდის” შვილზე – შსს-მ ჯერ უარყო, შემდეგ კი დაადასტურა, რომ 20 წლის კოკა კობალაძეს პოლიციელებმა სცემეს
გასულ კვირას 20 წლის პოეტს, კოკა კობალაძეს მისთვის უცნობი ორი პიროვნება საკუთარ სახლში თავს დაესხა და სასტიკად გაუსწორდა. დაზარალებულის ინფორმაციით, მას პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს, რომლებიც მისგან მამამისის ადგილსამყოფლის დადგენას ცდილობდნენ. თავდასხმის მსხვერპლი ჰყვება, რომ უცნობები მას პოლიციის თანამშრომლებად გაეცნენ, რომლებმაც შესაბამის ოქმზეც მოაწერინეს ხელი. მისი გადმოცემით, ერთ მათგანს პოლიციელის ფორმა ეცვა, ხოლო მეორეს სამოქალაქო ტანსაცმელი. მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ კობალაძის ბინაში პოლიციის არსებობა არ დასტურდება. ახლა საქმის დეტალებს პროკურატურა არკვევს, რომელმაც მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
კოკა კობალაძე ცნობილი „კანონიერი ქურდის“ ალექსანდრე კობალაძის („სიუ“) ვაჟია. ალექსანდრე კობალაძე ორი თვის წინ ევროპოლის მიერ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად საფრანგეთში დააკავეს და ამჟამადაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. კობალაძის გარდა, საბერძნეთსა და საფრანგეთში სპეცოპერაცია „კავკასია-ნორმანდის“ ფარგლებში სხვა არაერთი გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტი და ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული პირიც აიყვანეს, მათ შორის ლაშა შუშანაშვილი, მერაბ ასანიძე, ნოდარ შუკაკიძე, მსახიობი კახა აბუაშვილი („კაბუ“), ასევე, „ქურდული საერთოს“ „მაყურებლები“ – პაატა ახალაძე, ელგუჯა შუკაკიძე, ლევან გოჩიაშვილი სხვები. მხოლოდ საფრანგეთის ტერიტორიაზე „კავკასია-ნორმანდიის“ საპოლიციო ოპერაციაში 300-მდე ჟანდარმი იყო ჩართული.
საფრანგეთის პოლიციის ცნობით, ევროპაში ქართული მაფიის ამ განშტოებას ბოლო წლებში ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში რამდენიმე ასეული ბინისა და მაღაზიის გაძარცვაში ედება ბრალი.
საქართველოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ კი საგანგებო ბრიფინგზე თავადვე განაცხადა ზემოხსენებული პირების, მათ შორის ალეკო კობალაძის დაკავების შესახებ და აღნიშნა, რომ საქართველოს შსს აქტიურად იყო ჩართული ერთობლივ ოპერაციაში:
„ისინი ქურდავდნენ ბინებს, მაღაზიებს, შემდეგ ახდენდნენ მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზაციას და ფულის გათეთრებას. სხვადასხვა ქალაქში გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად არაერთი ნივთმტკიცება იქნა ამოღებული. ბრალდებულები საფრანგეთისა და საბერძნეთის კანონმდებლობით გასამართლდებიან. სამმხრივი ოპერაცია, სადაც საქართველოს შსს აქტიურად არის ჩართული, გრძელდება სხვა დამნაშავეების დადგენის მიზნით“.
და ჩნდება კითხვა – თუკი შინაგან საქმეთა სამინისტრო თავადვე იყო ჩართული საფრანგეთში ალექსანდრე კობალაძის დაკავების ოპერაციაში, მაშინ ვისი ადგილსამყოფლის გარკვევას ცდილობდნენ 20 წლის კოკა კობალაძის სახლში შეჭრილი პოლიციელები, რომლებიც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ?
დაზარალებულის დედა თათია დავითულიანი 12 ივლისს განვითარებულ მოვლენებს ასე იხსენებს:
„ფეისბუკ“-გვერდზე უცნობი გვერდიდან მომივიდა შეტყობინება, რომ ჩემი შვილი იმყოფებოდა ღუდუშაურში. კოკას ტელეფონი გათიშული ჰქონდა. ვიფიქრე, ხუმრობა იყო. ღუდუშაურში გადავამოწმე და მითხრეს, რომ ჩემი შვილი თავის არეში ტრავმით იყო შეყვანილი. გუშინ საღამოს, მასთან სახლში მისულა ორი პიროვნება, რომლებიც გაეცნენ, როგორც პოლიციელები, ერთს ფორმა ეცვა და მეორეს არაო. ერთ საათამდე დააყოვნეს სახლში, გამოჰკითხეს ბავშვი, სად იმყოფებოდა მამამისი. კოკამ უთხრა, რომ არ იცოდა. მამამისი ორი თვის წინ საფრანგეთში დააკავეს, იქ იხდის სასჯელს.
გასაკვირია, რატომ არ იცოდა პოლიციამ, რომ ის საფრანგეთშია დაკავებული. კოკას ხელი მოაწერინეს, რომ არ იცოდა, სად იყო მამა. როცა გაიგეს, ბავშვი სახლში მარტო იყო, ფიზიკურად გაუსწორდნენ“, – განაცხადა თათია დავითულიანმა.
მისივე თქმით, ოჯახი გამოძიების შედეგებს ელოდება და მზადაა სამართალდამცველებთან თანამშრომლობისთვის.
„პირად მტრებს გამოვრიცხავ, ბავშვი სტუდენტია და პოეზიით არის დაკავებული. ყოფილი მეუღლის მტრების ინტერესსაც გამოვრიცხავ. ის ძალიან დიდი ხანია, რაც საქართველოში არ იმყოფება. ბავშვს აქვს ტვინის შერყევა, სახეზე ხილული დაზიანებები, ჰემატომის სახით თვალის არეში მძიმე დაზიანება აქვს“, – განაცხადა თათია დავითულიანმა.
თავად დაზარალებული კი მომხდარის შესახებ სამართალდამცველებმა ღუდუშაურის კლინიკაში გამოჰკითხეს. ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს პოლიციის თანამშრომლები მათთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდებას აიძულებდნენ.
ალექსანდრე კობაიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი იხსენებს, რომ პოლიციამ ოქმიც შეადგინა და ხელი მოაწერინა.
„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. სასტიკად არის ნაცემი. როგორც ის აღნიშნავს, პოლიციელებმა სცემეს. სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ პოლიციელები სახლში შეუვარდნენ და ისე სცემეს. მოტყუებით შეავსებინეს ოქმი, ესაუბრებოდნენ მამაზე, რა ინფორმაცია ჰქონდა და ამ ოქმის დასრულების შემდეგ, როდესაც ხელი მოაწერინეს, ამის შემდეგ სცემეს და არაადამიანურად მოექცნენ. ვგულისხმობ იმას, რომ სახეზე დანა დაადეს და უთხრეს, თუ არ იტყოდა, თვალს ამოუგდებდნენ და ასეთი ზეწოლის ქვეშ აიძულებდნენ, მიეცა მათთვის სასურველი ინფორმაცია. რა არის მათთვის სასურველი ინფორმაცია, ჩვენთვის უცნობია. ისეთი კითხვები იყო, რომ თითქოსდა არ იცოდნენ, სად იყო მამა. ეს ტაქტიკა იყო, სტრატეგია თუ რა, ამას იმედია, გამოძიება დაადგენს“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
როგორც ადვოკატი აღნიშნავს, საქმეში შესაძლებელია იმ ვიდეოჩანაწერების ამოღება, სადაც ფიქსირდება, ვინ შევიდა კოკა კობალაძის საცხოვრებელ სახლში.
„არის მოწმე, რომელიც ნამდვილად შეესწრო აღნიშნულ ფაქტს, ასევე, ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, შემოხეული მაიკა, ტანსაცმელი, რომელიც ეცვა კოკა კობალაძეს. სამედიცინო ცნობა არსებობს, რომ ნამდვილად ტვინის შერყევა აქვს. ასევე, ჩვენი ინფორმაციით, არის ვიდეოჩანაწერი, სადაც მათ მანქანა გააჩერეს და შემდეგ ეს ორი პიროვნება, გადაადგილდა, სადაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, ეს უკვე ერთობლიობაში იძლევა საფუძველს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მოახდინეს ზეწოლა“, – აცხადებს ადვოკატი.
„პრაიმტაიმი“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დამატებითი დეტალების გარკვევას შეეცადა, თუმცა პირველ ეტაპზე უწყებაში მხოლოდ ის განგვიმარტეს, რომ კობალაძის ბინაში პოლიციელების ყოფნა არ დასტურდება. სტატიაზე მუშაობა უკვე დასრულებული გვქონდა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და კვირის ბოლოს ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომელსაც პირველ ეტაპზე კატეგორიულად უარყოფდა”,- წერს “პრაიმტაიმი”.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოქალაქე ა. კობალაძის საცხოვრებელ სახლში მომხდარ ინციდენტში სამართალდამცველთა შესაძლო მონაწილეობის ფაქტის შესწავლა მიღებული შეტყობინებისთანავე, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო.
მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ საცხოვრებელ ბინაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, გლდანი-ნაძალადევის განყოფილების პოლიციის თანამშრომლები, უბნის ორი ინსპექტორ-გამომძიებელი იმყოფებოდა. თავად პოლიციელებმა დამალეს კობალაძეების ოჯახში ყოფნის ფაქტი.
ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს საფუძვლიანი ეჭვები ბინაში პოლიციელთა ყოფნის ფაქტის დამალვის მოტივაციასთან დაკავშირებით, მათ მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის უმკაცრესი ზომა – ორივე პოლიციელი დათხოვნილია შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ამასთანავე, სამსახურიდან განთავისუფლდნენ პოლიციელების უშუალო ხელმძღვანელი და ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსი. პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს თბილისის პროკურატურაში“, – განაცხადეს შსს-ში.
წყარო: “პრაიმტაიმი”