როგორ განვითარდება თბილისი ახალი გენერალური გეგმით

თბილისის გენგეგმასთან დაკავშირებული ვნებათაღელვა და ხანგრძლივი დისკუსია დასრულდა.  საკრებულომ დოკუმენტი აგვისტოს ბოლომდე უნდა განიხილოს და  დაამტკიცოს. თბილისის მერიამ აღნიშნული დოკუმენტი 4 ივლისს გაასაჯაროვა. მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, გენერალურ გეგმაში ყველა ხარვეზი ჩასწორებულია და გათვალისწინებულია ის რისკებიც, რაც გენერალურ გეგმაში გაიწერა.

გარემოს დაცვისა და გამწვანებული ტერიტორიების ხელყოფა,  საცხოვრებელი გარემოს გაუარესება, გაუმართავი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, უსისტემო მშენებლობები – ეს თბილისის პრობლემების ჩამონათვალში ყველაზე დიდი გამოწვევებია, რომელთა  გადაწყვეტა ახალი გენგეგმით უნდა მოხდეს. როგორ უნდა განვითარდეს თბილისი ახალი გენგეგმით და როგორ მოაგვარებს ეს დოკუმენტი ქალაქის მნიშვნელოვან პრობლემებს? ამ შეკითხვებით გენგეგმის თანაავტორს, “სითი ინსტიტუტი” საქართველოს გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელს მერაბ ბოლქვაძეს გაზეთი “პრაიმტაიმი” ესაუბრა:

– ვინც ლაპარაკობს, რომ ახალ გენერალურ გეგმაში რეკრეაციული სივრცეები არ არის განსაზღვრული, აიღოს ძველი გენგეგმა და შეადაროს ახალს – რამდენი იყო სატყეო ტერიტორია ადრე და რამდენია ახლა. ყველა  საპარკო ღია ტერიტორია, რომელიც ახლა არსებობს,  მწვანე რეკრეაციულ არეალებად გვაქვს მონიშნული. მას უნდა დაემატოს შვიდი საქალაქო პარკი. საბედნიეროდ, ორ პარკზე უკვე დაიწყო საუბარი მერიამ. ეს არ არის 2 და 3 ჰექტარი ტერიტორიები. მაგალითად, დიღმის ჭალების საქალაქო პარკი გახლავთ 80 ჰექტარზე მეტი, თემქის პარკი – 18 ჰა. დირსი ჭალის პარკი 22 ჰექტარამდეა, ვაზისუბნის, ასევე, 10 ჰექტარზე მეტია, ასევეა შავნაბადას პარკი; არსენალი, სადაც საცხოვრებელი განვითარება მიმდინარეობდა წინა გენერალური გეგმით, ჩვენ  მოვნიშნეთ საპარკო ტერიტორიად, დიდი მწვანე არეალით და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსით. ეს უნდა წაიკითხოს იმ ხალხმა, ვინც ამბობს, რომ ქალაქს გენგეგმით რეკრეაციული სივრცეები აკლია. არც ერთი საქალაქო მწვანე სივრცე არ დაგვიტოვებია რეაგირების გარეშე. ჩვენ მიერ, როცა უკვე  გამოძებნილია დიდი ტერიტორიები  საქალაქო პარკებისთვის, მერე იმის საუბარი, ამას ასე ჯობდა თუ ისე, ტერიტორია ცოტაა თუ ბევრი, იოლია. მე ყველას ვარწმუნებ, რომ ამ გენერალური გეგმით უნდა დაიწყოს მწვანე სივრცეების აქტიური განვითარება. გეტყვით იმასაც, რომ  ჩვენი კონცეფციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ ლანდშაფტური მწვანე სივრცეების დაცვის თვალსაზრისით, ქალაქში არსებული დახურული მდინარეების გახსნა.

– რომლებიც, როგორც სპეციალისტები ამბობენ, დიდ საფრთხეებს უქმნის თბილისს.

– 60-70 წელია, თბილისში ყველა მდინარე, რომელიც მტკვარს უერთდება, კოლექტორშია მოქცეული. გადახურეს და ზედ მშენებლობები გააჩაღეს. მტკვარს აქვს 53 შენაკადი,  ახალი მიწათსარგებლობის გეგმით, იქ, სადაც შესაძლებელია, ყველა დახურული მდინარე თანმიმდევრობით უნდა გაიხსნას და  გახდეს ლანდშაფტურ-რეკრეაციული არეალები. მდინარეების ხეობები არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში  შემოვიდეს ჰაერის სუფთა ინვერსიული ნაკადები. ასეთი შეთავაზება გვაქვს წოწორას ხევის გახსნაზე, იგივე ეხება მდინარე გლდანულას. ეს ხეობები მონიშნული გვაქვს როგორც ლანდშაფტურ რეკრეაციული არეალები, სადაც ქალაქის სამსახურმა სამშენებლო განვითარების ნებართვები არ უნდა გასცეს. ქალაქგეგმარებითი პროექტები ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა  განხორციელდეს, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება  საზოგადოების ყურადღება, ჩართულობა, ერთგვარი მონიტორინგი. დოკუმენტი ერთია და, მისი  აღსრულება – მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი. პირველი საპარკო მშენებლობა, ჩვენი რეკომენდაციით, უნდა იყოს თემქის პარკი, რომელიც იწყება თბილისის ზღვის ზემოდან.  თემქის პარკი, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ საქალაქო მიწაა, იქ არის ხევძმარის ხევის  გადახურული მდინარე, რომელიც კოლექტორშია მოცქეული. ჩვენი რეკომენდაციაა, გაიხსნას ეს მდინარე, გაშენდეს საქალაქო პარკი, რომლის გამწვანებაში შეიძლება მოქალაქეებმაც მიიღონ მონაწილეობა. ახალი გენგეგმის კონცეფციით, უნდა შეიქმნას თბილისის ერთიანი გამწვანების სისტემა, რომელიც ერთმანეთზე უნდა იყოს გადაბმული. თბილისის მთები, ფერდობები, რელიეფი შენარჩუნებული უნდა იყოს ბუნებრივი სახით, რაკი ბოლო წლებში „გადავხურეთ“ მდინარეები და ბუნება გავაგდეთ ქალაქიდან, გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგ უნდა დავიწყოთ ბუნების ქალაქში შემოყვანის პროცესი.

– როგორ გადაიჭრება თბილისში არსებული სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები ახალი გენერალური გეგმით, მაგალითად, სატრანსპორტო და ურბანული პოლიტიკა, რაც ქალაქისთვის დიდი გამოწვევაა.  

–  ქალაქის გენერალური გეგმა სატრანსპორტო ნაწილში მერიას მოუწოდებს, რომ აუცილებლად განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ეს არის უპირველესი წინაპირობა, რომლის ხარჯზეც, ბუნებრივია, შეიზღუდება ინდივიდუალური ტრანსპორტი. ამის გარეშე ქალაქის ნორმალური ფუნქციონირება წარმოუდგენელია.  ბევრ ევროპულ ქალაქში, რომელთაც ჩვენზე მეტი შესაძლებლობები აქვთ, დაწესებულია სხვადასხვა შეზღუდვები ინდივიდუალურ ტრანსპორტზე. ამის მიუხედავად, ტრანსპორტის პრობლემა მაინც რთული მოსაგვარებელია. არ დაგვავიწყდეს, რომ არ არსებობს სატრანსპორტო ქსელი, რომელიც მუდმივად შეძლებს, უზრუნველყოს ქალაქის სატრანსპორტო მომსახურება, ავტომობილიზაციის დონე მუდმივად მზარდია, ჩვენ მოგვიწევს გარკვეული შეზღუდვების შემოღება. როდესაც ადამიანს ვეუბნებით, რომ არ შეხვიდე ავტომობილით ქალაქის ცენტრში, რომ ამა თუ იმ ადგილზე არის პარკირების სხვა სისტემა და ა.შ., მას აუცილებლად უნდა შევთავაზოთ საჯარო ტრანსპორტით მოძრაობის ალტერნატივა. იგივე ეხება პარკირების საკითხს. სანამ დავიწყებთ საუბარს პარკინგების ადგილებზე და მათ მშენებლობაზე, უპირველესად, დასაწესებელია საპარკინგე  სისტემების რანჟირება. რატომ უნდა იყოს საბურთალოს ბოლოში და აღმაშენებლის გამზირზე პარკირების გადასახადი ერთნაირი? ჩვენ ამ საკითხში ისეთ სიმკაცრეს ვერ გამოვიჩენთ, როგორც ევროპულ ქალაქებშია, მაგრამ გადასახადის რაოდენობა ცენტრსა და გარეუბანში, მცირედით მაინც უნდა იყოს განსხვავებული. რანჟირება გამოავლენს, სად არის საჭირო მეტი საპარკინგე ადგილი. ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს, რომელსაც ბევრი მგზავრიც გადაჰყავს.  ეს არის ტრამვაი. თუმცა პირველ ეტაპზე, რაკიღა ტრამვაის გაყვანა გაცილებით ძვირი ჯდება,  შესაძლებელია, ეს იყოს ელექტროავტობუსი. დამუშავებულია  სამი კორიდორი. სასწრაფოდ არის გასაკეთებელი ტრანსპორტის მასტერპლანი,  რომელიც უპირატესობას მიანიჭებს ერთ-ერთ კორიდორს, რომელიც აუცილებლად განსახორციელებელია ნატურაში, რომ მოქალაქეებმა დაინახონ საჯარო ტრანსპორტის სიკეთეები, როგორ ლაგდება იერარქია სატრანსპორტო გადაადგილების თვალსაზრისით. ეს გახლავთ ფეხმავლები და  მათი სივრცეების მოწესრიგება, ტრანსპორტისგან თავისუფალი სიბრტყეები, მეორე – ველოტრანსპორტისა და საჯარო ტრანსპორტის განვითარება. გარკვეული შეთავაზებაა რკინიგზის ხაზის გამოყენებისა და „ისტპოინტის“ მიმართულებით მეტროს ხაზის დაგრძელების. არის შეთავაზება მეტროს სადგურების მეორე ჩასასვლელების მოწყობის, მეტრო მარჯანიშვილის, გლდანის სადგური და ა.შ., რადგან ეს ჩასასვლელები განმუხტავს სიტუაციას. ცალკეული შეთავაზებებია გზის გეომეტრიის სრულყოფის, გარკვეული შეთავაზებაა გამოძახებით ტაქსებთან დაკავშირებით. თბილისში უამრავი ტაქსია, რომლებიც წრეებს არტყავენ ქალაქს კლიენტის მოძებნაში, რაც მეტად ტვირთავს მოძრაობას, მეტია გამონაბოლქვი, იქმნება საცობები,  ამიტომ თუ გამოძახებით ტაქსებზე გადავალთ, ეს განმუხტავს მოძრაობას. მიგვაჩნია, რომ უნდა ვეცადოთ, სატრანსპორტო თვალსაზრისით ქალაქში არ  გავაკეთოთ ზედმეტი გზები, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის გზები, რაც გვაქვს, მოძრაობის ორგანიზაციის სწორად დაგეგმვით,   შემდეგ უნდა გამოვლინდეს არეალები, სად გვჭირდება სატრანსპორტო განვითარება.

– ბოლო ვერსიის მიხედვით, კვლავ ღიად რჩება რკინიგზის გადატანის საკითხი?

– 2009 წლის გენერალური გეგმა პირდაპირ მიუთითებს, რომ რკინიგზა გადატანილი იყოს ქალაქიდან. ჩვენ ვთავაზობთ ქალაქს, არსებული რკინიგზა გამოყენებულ იქნას ჩქარი ტრამვაის ან შიდა საქალაქო მსუბუქი მატარებლის სახით, ან თუნდაც რკინიგზის სახით შიდა გადაადგილებებზე. ეს გახლავთ თბილისი-რუსთავი-გარდაბანი-მცხეთა. არის წინადადება, სამანქანო გზა პარალელურად გაჰყვეს ამ ტერიტორიას. ასევე,  ჩვენი რეკომენდაციებია ფეხმავალი ხიდები მდინარე მტკვარზე, ქალაქს სჭირდება ფეხმავალთა კავშირები. ჩვენ გამოვკვეთეთ ორი-სამი აქტიური ადგილი პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის, აკადემქალაქიდან  მუშტაიდის ხიდის მიმართულებით, დიღმის ჭალებში, საქალაქო პარკის ორი ნაწილის ერთმანეთთან დასაკავშირებლად, ასევე, ორთაჭალის ტერიტორიებზე. კარგი კონსტრუქციის  მსუბუქი ხიდების აგება არ არის ძვირად ღირებული სამუშაოები. თბილისი რელიეფიანი ქალაქია და კავშირი ურბანულ და რეკრეაციულ სივრცეებს შორის აუცილებლად უნდა არსებობდეს. ჩვენი გენერალური გეგმით შენარჩუნებულია რკინიგზის სამგზავრო ნაწილი. ეს კორიდორი დატოვებულია, როგორც სატრანსპორტო ზონის სახეობა. რაც შეეხება რკინიგზის სატვირთო ნაწილს, სასურველია, ის გავიდეს ქალაქიდან, რაკიღა ქალაქში არსებობის შემთხვევაში უსაფრთხოების სხვა პრობლემებს აჩენს. ამ თემასთან დაკავშირებით მუშაობს რკინიგზა. როგორც ვიცით, ისინი ეძებენ არეალებს, რა ალტერნატიული გადაწყვეტილებები არსებობს ტვირთების მოშორების. არსებობს  თბილისში გვირაბის სამი ვერსია, ასევე, განიხილება გაჩიანის მიმართულებაც, თუმცა რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ჯერ არ ვიცით. გენერალურმა გეგმამ მიიღო მოქნილი გადაწყვეტილება, დატოვებული იქნეს ეს კორიდორი კვლევების დასრულებამდე. მას შემდეგ, რაც დადგინდება ზუსტი შეფასება, სად და როგორ გაივლის სარკინიგზო ტვირთები, შევძლებთ ამაზე საუბარს. რკინიგზა არ არის მხოლოდ თბილისისთვის აქტუალური  თემა, ეს ქვეყნის ეკონომიკური და გეოპოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია და კვლევებისა და  გარკვეული სამუშაოების შემდეგ, რომელსაც რკინიგზა უცხოურ კომპანიასთან ერთად აწარმოებს, ეს საკითხი გადაწყდება.

ჩვენ მერიას ვთავაზობთ განვითარების რამდენიმე სივრცეს. თბილისის გენგეგმის კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ქალაქის პოლიცენტრული განვითარება, რაც საშუალებას მოგვცემს, ქალაქის ცენტრი განიტვირთოს და შემცირდეს მასზე როგორც სამშენებლო, ისე სატრანსპორტო ზეწოლა. აქტივობებმა უნდა გადაინაცვლოს განაპირა წერტილებში. ჩვენმა საპროექტო ჯგუფმა ქალაქს შესთავაზა ხუთი პოლიცენტრული არეალი, სადაც შეიძლება მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა და აქტიურად განვითარდეს მშენებლობები. ეს გახლავთ მრავალფუნქციური ცენტრები, სადაც განვითარდება მოსახლეობისთვის  მომსახურების ინფრასტრუქტურა – სავაჭრო ცენტრები, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ობიექტები, რაც მოსახლეობას საშუალებას მისცემს, ისარგებლოს ამ ცენტრებით და აღარ გადატვირთოს ქალაქის ცენტრი  ტრანსპორტით. ასეთი პოლიცენტრები  მოიაზრება დიდი დიღმისა და სამხედრო გზის გადაკვეთაზე, ამერიკის საელჩოს ზემოთ, სადაც არის თავისუფალი დიდი ტერიტორიები, ასევე, სამგორის მეტროს მიმდებარედ, სადაც დიდი საწარმოო ტერიტორიები და ნავთლუღის ბაზრობაა, იქ  მთლიანად დასაგეგმარებელი და მოსაწესრიგებელია მდგომარეობა, არეალი „ისტპოინტის“ მიმართულებით, სადაც კიდევ გაძლიერდება სამშენებლო განვითარება, დიღომი-გლდანი-მუხიანის არეალი, საბურთალოს ანკლავისთვის ქავთარაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, დიდი არეალი, სადაც ტრამვაი-ტროლეიბუსების დეპო იყო. ეს ხუთი არეალი საშუალებას მისცემს ქალაქს, განვითარდეს პოლიცენტრული მიმართულებებით და ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველა  საჭირო ინფრასტრუქტურა გაჩნდეს.

– როგორ გადაწყდა ახალი გენგეგმით სადავო  თემები – კერძო საკუთრების საკითხი. მაგალითად, რა ბედი ელის ელიავას ბაზრობას? 

– ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ჩვენ ამ თემაზე განცხადებებს აღარ გავაკეთებთ. ქალაქმა თვითონ გადაწყვიტოს, რა როგორ უნდა  გადაწყდეს ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით. იქ მოქალაქეებს აქვთ თავისი პრობლემები, სესხები, პრობლემები ბანკებთან, რაც მნიშვნელოვანი საკითხია. თქვენ იცით, რომ გახმაურდა აზრი, რომ იქ თანამედროვე ცივილიზებული სახით მოეწყოს ის, რაც ახლა არის, ეს იქნება შემდეგი პროექტის  ჩარჩო გეგმის გადასაწყვეტი საკითხი. სწორედ ამ კონტექსტით მოხდება იმის შეფასება, როგორ შეიძლება ცივილიზებულად მოეწყოს ეს ტერიტორია, რამდენი იყოს განაშენიანება, რამდენი – რეკრეაცია, სწორედ ამ პროექტით უნდა ჩატარდეს კვლევა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. კერძო საკუთრების საკითხი მერიას უფრო მეტად აწუხებდა. მათ თბილისის გარე ტერიტორიებზე – კოჯორში, შინდისში, თბილისის ზღვაზე, კერძო საკუთრებაში ჰქონდათ გაცემული ძალიან ბევრი ნაკვეთი, რომლებიც მეპატრონეებისთვის სამშენებლო სივრცეებად იყო და არის  მოაზრებული. ამ ტერიტორიების უსისტემო განვითარება ქალაქისთვის დიდი თავსატეხია. როდესაც  გარე ტერიტორიაზე ორი-სამი შენობა შენდება კილომეტრების დაშორებით. ეს ტერიტორიები ქალაქმა უნდა უზრუნველყოს კომუნიკაციებით, წყალმომარაგებით, კანალიზაციით, საჯარო ტრანსპორტით. ამ ადგილების შერჩევა ერთიანი პროექტის ფარგლებში რომ კეთდებოდეს, უფრო სწორია, ვიდრე ასე უსისტემოდ, ამიტომ ჩვენ ყველა ამ ლოკაციაზე შევთავაზეთ მოქმედების პრინციპები, მათ ამ ტერიტორიებზე მონიშნეს არეალები, სადაც შემდეგი ეტაპის პროექტებმა ასეთი სამუშაოები უნდა გასწიოს – გამოკვეთოს არეალები, სად შეიძლება განვითარება კონკრეტულ ფარგლებში. იმ ადგილებში, სადაც ჩვენ სატყეო მიწები და ლანდშაფტური ტერიტორიები გვაქვს მონიშნული, სამშენებლო განვითარება გამორიცხულია. ქალაქმა უნდა იფიქროს, როგორ მოახდინოს მონაცვლეობა და სად შეიძლება ნაკვეთების გამოსყიდვა. ადამიანებს  უნდა ვურჩიოთ ადგილები, რომლებიც არაა საშიში და რისკ-ფაქტორებით გამორჩეული, სადაც მიყვანილია გზები, კომუნიკაცია. მოქალაქეებისთვის უნდა გაკეთდეს ისეთი შეთავაზებები, რაც მათთვის მისაღები იქნება.

– ზონირება, როგორც ამბობენ, ახალი გენგეგმის ყველაზე  სუსტი წერტილია.

– ვერ დაგეთანხმებით. ზონირება ახლა მოყვანილია საბოლოო კონდიციამდე, კონკრეტული ზონის სახეობების თვალსაზრისით ქალაქი მთლიანად არის გადაფარული, მაგრამ არის სამუშაოები, რომელიც შემდეგი ეტაპის პროექტებმა უნდა დააზუსტოს, ეს არის როგორც ჩარჩო, ისე  განაშენიანების რეგულირების გეგმები. ამასთან დაკავშირებით სამუშაოების ჩატარება მოუწევს ურბანულ სამსახურს, რომელიც აზუსტებს საკადასტრო საზღვრებს. ეს არის მიმდინარე სამუშაოები, რომელიც ქალაქის სამსახურებმა უნდა გასწიოს. ევროპის დიდი ქალაქების გენერალურ გეგმებშიც შეტანილია ცვლილებები,  საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე. ეს არის საჯარო განხილვის საგანი, საზოგადოებრივი  და ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე.

წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები