იურისტი: ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ დევნა და გამოძიება იყო საფუძვლიანი

მაჩალიკაშვილების ოჯახი და ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას მოითხოვენ თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ აღიარებას. ამის ერთ-ერთ არგუმენტად კი მოჰყავთ ის, რომ სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ბრალის წარდგენა არ მომხდარა, რისი შესაძლებლობაც საგამოძიებო ორგანოს თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში, მის გარდაცვალებამდე ჰქონდა.
არის თუ არა ბრალის არწარდგენა პირის უდანაშაულოდ ცნობის საფუძველი? ამის კითხვით „პრიმატაიმმა“ ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ გამგეობის თავმჯდომარეს, იურისტ არჩილ ჩოფიკაშვილს მიმართა.
„მაშინ, როდესაც არსებობს სასამართლოს განჩინება პირის დაკავებაზე, ბრალის წარდგენას მნიშვნელობა არა აქვს, ვინაიდან დაკავებისთანავე პირს ავტომატურად ენიჭება ბრალდებულის სტატუსი. მიუხედავად იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავების დროს მძიმედ დაიჭრა და შემდეგ გარდაიცვალა კიდეც, ფაქტობრივად, მისი დაკავება მაინც მოხდა სასამართლოს განჩინებით. სისხლის სამართლის დევნის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი, რომელიც სასამართლოს მიმართავს განჩინების თხოვნით პირის დაკავებაზე, ხოლო დაკავებული პირი კი უკვე ავტომატურად ხდება ბრალდებულის სტატუსის მატარებელი, ანუ პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა. რაც შეეხება ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენას და გაცნობას, ეს ხდება იმის გარანტიით, რომ დაკავებული პირი აღიქვამს და აცნობიერებს აღნიშნულ ბრალდებას, ასევე იმ უფლებებს, რომელიც ბრალდებულს აქვს. აქედან გამომდინარე, თუკი ადამიანი უგონო მდგომარეობაშია, მას, ფაქტობრივად, ბრალს ვერ წაუყენებ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის ბრალდებული არ არის. როდესაც ხდება პირის გარდაცვალება, ეს პირდაპირ არის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი. შესაბამისად, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ დევნა უნდა შეწყდეს, თუ აქამდე არ არის შეწყვეტილი, თუმცა ეს მის უდანაშაულობასთან, ან დამნაშავეობასთან არავითარ კავშირში არ არის. პირი ითვლება უდანაშაულოდ, სანამ სასამართლო არ მიიღებს გამამტყუნებელ განაჩენს. მე არ ვიცი, მაჩალიკაშვილების ოჯახი, ან ადვოკატი რას გულისხმობენ, როდესაც უდანაშაულოდ ცნობას მოითხოვს, თუმცა ის საქართველოს კონსტიტუციით ისედაც უდანაშაულოდ ითვლება, ვინაიდან მის მიმართ არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი. შესაბამისად, პროკურატურა მას ვერ ცნობს უდანაშაულოდ. შესაძლოა, მაჩალიკაშვილების მხარე საუბრობს დევნის შეწყვეტის საფუძვლებზე. გარდაცვალება ნამდვილად არის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი, მაგრამ არა მარეაბილიტირებელი გარემოება, ანუ ეს არ ნიშნავს, რომ პირის მიმართ დევნა უკანონოდ მიმდინარეობდა. მარეაბილიტირებელი გარემოება შეიძლება იყოს, თუ არ დადასტურდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. თუ ეს არ დადასტურდა, გამოდის, რომ დევნა უკანონოდ მიმდინარეობდა, მაგრამ მე რასაც ვადევნებ თვალყურს, ამ ეტაპზე ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს დევნა და გამოძიება იყო საფუძვლიანი. ვგულისხმობ მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციებს, მათ შორის სატელეფონო მიმოწერებს, ვიდეო-აუდიოჩანაწერებს და სხვ. ამ მასალების გამოქვეყნებასაც თავისი ლოგიკა და დასაბუთება აქვს“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას არჩილ ჩოფიკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავებისა და სახლის ჩხრეკის შესახებ სასამართლოს განჩინებას საფუძვლად დაედო გამოძიების მიერ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე აღმოჩენილი საბანკო და საგარანტიო დოკუმენტაცია.
წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები