ვისი მკვლელობა იგეგმებოდა თბილისში? – ვინ არის რუსეთის მოქალაქე, რომელმაც აეროპორტში მომწამვლელი ნივთიერება დააქცია?
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მცდელობა, ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს, ან ჯანმრთელობას – ამ ფორმულირებით (19/117-ე მუხლი) წაუყენეს ბრალი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, რომელმაც ორ ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომწამვლელი ნივთიერება დააქცია.
აღნიშნული პიროვნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე კი სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საგამოძიებო უწყებებს ბრალდებულის ვინაობა და საქმის დეტალები არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა „პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი გახდა აეროპორტის ინციდენტის მნიშვნელოვანი გარემოებები, მათ შორის ბრალდებულის ვინაობაც.
ინფორმაციის გავრცელებისთანავე საზოგადოებაში მომხდარის შესახებ არაერთი ვერსია გაჟღერდა. ზოგმა ეს ინციდენტი ტერორიზმის საქმეს დაუკავშირა, ზოგმა კი რუსული კვალი ამოიკითხა. ეს ვერსია, ბრალდებულის წარმომავლობის გარდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებამაც გაამყარა, რითიც ლავროვის უწყება მომხდარს მყისიერად გამოეხმაურა. და აი, რა განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა.
„საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესთა სექცია შვეიცარიის ელჩთან, რომელიც ჩვენს ინტერესებს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებასთან, მუდმივ კონტაქტშია, რათა 2 ივლისს თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის დეტალები გავარკვიოთ“, – აღნიშნა კარასინმა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით კი, 2 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა აეროპორტში, გაფრენის დარბაზში მდებარე ერთ-ერთი ავიაკომპანიის სალაროს ოფისში, ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების შემცველი სითხე დააქცია. მომხდარზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი.
მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო ორგანოები არ აკონკრეტებენ, “პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ დაკავებული მამაკაცი ეროვნებით უკრაინელი, რუსეთის მოქალაქე დიმიტრი ბიკოვია. დანაშაული კი, არც მეტი, არც ნაკლები, სასიყვარულო სამკუთხედს უკავშირდება. ყოველ შემთხვევაში ამ დასკვნის საფუძველს იძლევა დაზარალებულის ჩვენების ანალიზი და საქმეში არსებული სხვა რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება.
ირკვევა, რომ დიმიტრი ბიკოვი მომწამვლელი ნივთიერებით თბილისის აეროპორტში მდებარე ერთ-ერთი ავიაკომპანიის სალაროში მომუშავე ქალბატონის მოწამვლას გეგმავდა. გამოცემა წერს, რომ მან საკუთარი განზრახვის სისრულეში მოყვანა წინა დღესაც სცადა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მისი სამიზნე პირველ ივლისს სამსახურში არ იმყოფებოდა, გეგმები შეიცვალა.
ორი ივლისს კი მომწამვლელი ნივთიერებით ის კვლავ გამოცხადდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და აღნიშნული ნივთიერებაც დააქცია. შედეგად რვა ადამიანი სამედიცინო დაწესებულებებში მოხვდა.
შვიდმა პაციენტმა „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ რეგიონული ჰოსპიტალი რამდენიმესაათიანი მკურნალობის შემდეგ დატოვა. კლინიკის გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელმა, ექიმმა ტოქსიკოლოგმა ოთარ დიხამინჯიამ განაცხადა, რომ გამოკვლევების, დაკვირვებისა და მკურნალობის შემდეგ შვიდივე პაციენტი ბინაზე გაეწერა. ექიმის თქმით, მათ აბულატორიული მეთვალყურეობა დაენიშნათ.
დიხამინჯიას განცხადებით, რა ნივთიერებამ გამოიწვია ინტოქსიკაცია, დაზარალებულებისთვის უცნობია. ექიმი ტოქსიკოლოგის თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პაციენტებს რამდენიმე დღის შემდეგ გამოკვლევები კიდევ ჩაუტარდებათ.
„შვიდივე პაციენტმა თვითდინებით მომართა ჩვენს კლინიკას ტოქსიკოლოგთან კონსულტაციისთვის. მათგან ორს თვალის ლორწოვანი გარსის ანთება აღენიშნებოდა, ერთს კი თვალის ლორწოვანი გარსის ანთების გარდა, კანზე ჰქონდა ერთი ბუშტუკოვანი გამონაყარი. ასევე, ამ პაციენტებს 2 ივლისს აღენიშნებოდათ თავბრუსხვევა, გულისრევა, თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება. არც ერთის მდგომარეობა არ იყო კრიტიკული და არასტაბილური. შესაბამისად, შვიდივე მათგანი შესაბამისი რეკომენდაციის, გარკვეული გამოკვლევების ჩატარების შემდეგ ბინაზე გავწერე. ისინი ჩემთან მოვიდნენ 4 ივლისს, თუმცა გაურკვეველ ნივთიერებასთან შეხება 2 ივლისს ჰქონდათ“, – განაცხადა დიხამინჯიამ.
ამასთანავე, ინტოქსიკაციით ინგოროყვას კლინიკას მიმართა ერთმა პაციენტმა. მამაკაცის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის გახლდათ, თუმცა ამჟამად არც მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე.
“პრაიმტაიმი” წერს, რომ დიმიტრი ბიკოვს და მის მთავარ სამიზნეს, ერთ-ერთი ავიაკომპანიის თანამშრომელ ქალბატონს სასიყვარულო ურთიერთობა ჯერ კიდევ 25 წლის წინათ ჰქონდათ. ირკვევა, რომ წლების წინათ ისინი მოსკოვში ერთად სწავლობდნენ, თუმცა მოგვიანებით ქალი საქართველოში გადმოცხოვრდა და დამოუკიდებლად განაგრძო, როგორც კარიერა, ისე პირადი ცხოვრება. მას შემდეგ ბიკოვთან კომუნიკაცია აღარ ჰქონია, თუმცა ორიოდე წლის წინათ საქართველოში მყოფმა დიმიტრი ბიკოვმა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ქალი, რომელთანაც წლების წინათ სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, თბილისში ცხოვრობს. მან გაარკვია ქალბატონის სამსახურიც და შეეცადა ურთიერთობის განახლებას, თუმცა შემოთავაზებაზე უარი მიიღო, გამომდინარე იქიდან, რომ ქალს თავისი პირადი ცხოვრება ჰქონდა. ამის შემდეგ კი დიმიტრი ბიკოვი ქალს დაემუქრა და უთხრა, რომ ამას ასე არ დატოვებდა.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ყოფილ მეგობარ ქალს დიმიტრი ბიკოვი სისტემატურად უთვალთვალებდა. დანაშაულის ჩადენამდე ერთი კვირით ადრე ის თბილისის მეტროს სათვალთვალო კამერებსაც ჰყავთ დაფიქსირებული, როდესაც ზემოაღნიშნული ქალბატონის დევნას ახორციელებდა.
ზუსტად ერთი კვირის შემდეგ კი ბიკოვი გაურკვეველი ნივთიერებით შეიარაღებული მიდის თბილისის აეროპორტში და მომწამვლელ ნივთიერებას იმ ავიაკომპანიის სალაროში აქცევს, სადაც ზემოაღნიშნული ქალბატონი მუშაობდა. კონკრეტულად რა ნივთიერება დააქცია დიმიტრი ბიკოვმა, ეს ექსპერტიზის შემდეგ გაირკვევა. გამოძიებას კონტრდაზვერვის დეპარტამენტი 19/117-ე მუხლით აწარმოებს, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”