„ვეცადე მომეგერიებინა, ამ დროს დანა ორჯერ დამარტყა” – რას ჰყვება ირაკლი ნოზაძე მისი დაჭრის შესახებ

“ქუჩის ბიჭების” სოლისტი ირაკლი ნოზაძე, რომელიც საკუთარ სახლთან დანით დაჭრეს, „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში მომხდარის დეტალებზე საუბრობს.
როგორც ცნობილია, მას სახლთან თათა ჯანჯღავამ და ნათია თოფურიამ მიაკითხეს. ჯანჯღავა და ნოზაძე ჯერ შეკამათდნენ, შემდეგ მათ შორის შეხლა-შემოხლა მოხდა და ჯანჯღავამ ცივი იარაღით დაჭრა მომღერალი.
„თათას დილით გამოვართვი ფული და შევთანხმდით, რომ იმავე დღეს დავუბრუნებდი, თუმცა შეთანხმების ვადამდე, თათამ ჩვენს საერთო მეგობართან დარეკა, მეგობარს “ლაუდ სპიკერზე” (მაღალ ხმაზე) ჰქონდა ჩართული ტელეფონი და მესმის, რომ თათამ ძალიან ცუდად, უწმაწური სიტყვებით მომიხსენია. მან არ იცოდა, მეც რომ ვისმენდი და ამის შემდეგ არც მე დამიკლია, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოვიხსენიე. ამან გამოიწვია მისი გაღიზიანება და კონფლიქტიც აქედან დაიწყო. როგორც ჩანს, მან ჩათვალა, რომ ვალს აღარ დავუბრუნებდი, აგრესიული მოვარდა ჩემს სახლთან და ატეხა დებოში“, -აცხადებს ირაკლი ნოზაძე.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რისთვის სჭირდებოდა თანხა, ნოზაძე აცხადებს, რომ პირადი პრობლემების მოგვარება უნდოდა.
„ჩემი პირადი პრობლემების მოგვარება მინდოდა. სხვათაშორის, ზედაპირულად ვუთხარი მჭირდება -მეთქი და მანაც მითხრა მაქვს და არ არის პრობლემაო“ – აცხადებს ირაკლი ნოზაძე.
რაც შეეხება დაცვის მხარის განცხადებას, რომ თავდაპირველად თავად ნოზაძე გამოირჩეოდა აგრესიით, „ქუჩის ბიჭების“ სოლისტი შემდეგნაირად პასუხობს.
„მათ, სავარაუდოდ, ასე უნდათ, რომ გამოიყურებოდეს ეს საქმე, სტრატეგია აქვთ ასეთი, დაამტკიცონ, რომ თათას ჩემი განზრახ მოკვლა არ უცდია. მაგრამ კადრებშიც ხომ ჩანს, ვინ ვის ესხმის შეიარაღებული? რას წარმოვიდგენდი, ქალი დანით თუ დამესხმებოდა თავს? ჯერ მანქანაში ვჯდები, რათა იქ გველაპარაკა, მაგრამ ის მანქანას წიხლებს ურტყამს, მერე მინას, ვცდილობ დავაშოშმინო და გადმოვედი თუ არა, ვეცადე მის ხელით მოგერიებას და ამ დროს დანა ორჯერ დამარტყა – მანქანიდან როდესაც გადმოვედი, დავინახე, რომ თათას ხელში დანა ეჭირა, არანაირი ბრელოკი, დასაკეცი დანა იყო. დანა მომიქნია და ყელთან მომხვდა, არტერია გადაიჭრა და სისხლმა ამოხეთქა, მეზობლები რომ არ დამხმარებოდნენ, დღეს ჩვენ ვერ ვისაუბრებდით. დანის დარტყმის შემდეგ, თათა ისევ მაყენებდა შეურაცხყოფას: ბიჭო, ჯერ სადა ხარ, ეს ცოტაა შენთვისო და მემუქრებოდა, მაგრამ მე უკვე გამოვეცალე და აღარც მესმოდა მისი სიტყვები. მერე წერეთლის პროსპექტისკენ წავედი, გავაცნობიერე, რომ სიცოცხლის ცოტა დრო მქონდა დარჩენილი და მინდოდა მისი შენარჩუნება. ვფიქრობდი, ცენტრალური ქუჩისკენ გავსულიყავი, რათა ადვილად მოეგნო “სასწრაფოს” ან ხალხს. მაქსიმალურად ვაცნობიერებდი, რაც მჭირდა..“, – აცხადებს ნოზაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები