„თურქეთში ართვინის „ქართველი ოკუპანტებისგან“ გათავისუფლების დღე იზეიმეს“ – რა რეაგირება მოჰყვა ფაქტს საქართველოს საგარეო უწყებიდან

„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 7 მარტს თურქეთის ქალაქ ართვინში, სახელმწიფო უმაღლეს დონეზე ღონისძიებები გაიმართა, სადაც ართვინის და ასევე მთლიანად ტაო-კლარჯეთის „ქართველი ოკუპანტებისგან“ გათავისუფლების 97-ე წლისთავი აღნიშნეს. შესაბამისი განცხადება მჟავანაძემ ექსკლუზიურად, „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
უფლებადამცველმა საქართველოს საგარეო უწყებას რეაგირებისკენ მოუწოდა, უფრო კონკრეტულად კი, აღნიშნულთან დაკავშირებით, თურქეთის ელჩის ფატმა ჯერენ იაზგინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების და მისგან ახსნა- განმარტებების მოსმენის მოთხოვნით საპროტესტო წერილიც იქნა შეტანილი. „მიმდინარე წლის 7 მარტს თურქეთის ქალაქ ართვინში სახელმწიფო უმაღლეს დონეზე ღონისძიებები გაიმართა, სადაც ართვინის და ასევე მთლიანად ტაო-კლარჯეთის „ქართველი ოკუპანტებისგან“ გათავისუფლების დღე აღნიშნეს. ღონისძიებაში ჩართული იყო ართვინის მუნიციპალიტეტი, სამხედრო გენერალიტეტი. 7 მარტს მუნიციპალიტეტში, სხდომაც გაიმართა, ამ თარიღთან დაკავშირებით, ქუჩებში საზეიმო მსვლელობაც მოეწყო – ჩირაღდნებით და თურქეთის დროშებით. ღონისძიებებში ართვინის მერმა, მუნიციპალიტეტის წევრებმა, თურქეთის გენშტაბის ნაწილებმაც მიიღეს მონაწილეობა. საღამოს მიტინგზე გამოსვლისას ართვინის მერმა მეჰმედ კოჯატეპესმა განაცხადა: ,,დუშმანების (ქართველების) განდევნაში თურქმა ხალხმა უდიდესი ვაჟკაცობა და პატრიოტიზმი გამოამჟღავნა, ოკუპანტების (იგულისხმება ქართველები) დამარცხებაში ჩვენ დიდი სისხლი დავღვარეთ და თურქეთი არასდროს დაივიწყებს თავისი გმირი წინაპრების სახელს“. და საკმაოდ ნეგატიური განცხადებები გაკეთდა. მე მინდა შეგახსენოთ, რომ 97 წლის წინ, ტაო-კლარჯეთიც და ართვინიც, საქართველოს იურისდიქციაში შედიოდა და აღნიშნულ ტერიტორიაზე ქემალისტური თურქეთის შესვლის შემდგომ, 1921 წლის მარტის დასაწყისში, ქემალისტების მოთხოვნით საქართველოს არმიის ნაწილებმა ართვინი და ტაო კლარჯეთიც დატოვეს. იქ არავითარ ოკუპაციას, ქართული მხარის მიერ ტერიტორიის მიტაცებას ადგილი არ ჰქონია. იმ დროს, როცა თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით, საქართველოს პარლამენტმა შეაჩერა საკომიტეტო განხილვა დიდგორობის უქმედ გამოცხადების და ამ დღისთვის განსაკუთრებული დატვირთვის მინიჭების შესახებ, თურქეთმა დიდი პომპეზურობით, სამხედრო გენშტაბის და სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, ქართველი ოკუპანტებისგან და დუშმანებისგან ტაო -კლარჯეთის გათავისუფლება იზეიმა. აღნიშნულთან დაკავშირებთ, თურქეთის ელჩის ფატმა ჯერენ იაზგინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების და მისგან ახსნა- განმარტებების მოსმენის მოთხოვნით, ჩვენგან საპროტესტო წერილიც იქნა შეტანილი“, – განაცხადა მჟავანაძემ. მჟავანაძემ პრესკონფერენციაზე, მათი წერილის საპასუხოდ, საგარეო უწყების მხრიდან „უფლემადამცველთა გაერთიანებისთვის“ გაგზავნილი წერილიც გაასაჯაროვა. მისი თქმით, 26 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ,,უფლებადამცველთა გაერთიანებას’’ წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 22 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან ფატმა ჯერენ იაზგინთან და შეხვედრაზე საუბარი შეეხო 7 მარტს ართვინის ე.წ. გათავისუფლების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებულ საკითხს. როგორც წერილშია ნათქვამი, ელჩის განცხადებით, უკვე მოხდა ოფიციალური ანკარას, ასევე ართვინის გუბერნიის ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმირება აღნიშნულთან დაკავშირებით. სამინისტროში განმარტავენ, რომ ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ თურქეთისთვის გასაგებია მოცემულ საკითხისადმი საქართველოს მხარის და საზოგადოების სენსიტიური დამოკიდებულება, მხარეები შეთანხმდნენ გაგრძელდეს ერთობლივი მუშაობა ორი ქვეყნის ინტერესების დაცვის მიზნით მგრძნობიარე საკითხებზე. „იმედია, თურქული მხარე სწორ დასკვნებს გამოიტანს მომხდარიდან და კვლავაც არ გააგრძელებს ანტიქართულ და არამეგობრულ ქმედებებს“, – აღნიშნა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები