„ბოლო ორი კვირაა, გრიპი ქვეყანაში აღარ ფიქსირდება, ის მეტაპნევმოვირუსმა ჩაანაცვლა” – ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, თსსუს პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბოლო ორი კვირაა, გრიპის ვირუსი ქვეყანაში აღარ ფიქსირდება. ეპიდვითარების შესახებ ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“2024 წელი გრიპის ვირუსის გახანგრძლივების თვალსაზრისით განსხვავებული აღმოჩნდა. საქართველოში მისი სეზონურობა, როგორც წესი, ნოემბრიდან მარტის ბოლომდე , აპრილამდე გრძელდება, 2024 წელს კი 2 თვით უფრო მეტი აღმოჩნდა. გრიპის ვირუსი ივნისის ბოლომდე ფიქსირდებოდა, რაც მართლაც უნიკალური მოვლენაა. იმ სტატისტიკით, რასაც “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი” გვაძლევს, ბოლო წლების განმავლობაში ( პანდემიამდე პერიოდს ვგულისხმობ) ქვეყანაში ასეთი გახანგრძლივებული გრიპის სეზონი არ ყოფილა. ბოლო ორი კვირაა, გრიპი ქვეყანაში უკვე აღარ ფიქსირდება. შეიძლება ითქვას, რომ გრიპის შემთხვევების სეზონური მატება დასრულებულია. შესაძლებელია, ერთეული შემთხვევა იდენტიფიცირებული იყოს, მაგრამ გრიპი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის აღარ ფიქსირდება.”- განაცხადა ჩხაიძემ.

მისი თქმით, გრიპის ვირუსი მეტაპნევმოვირუსმა ჩაანაცვლა.

“ის ვირუსი, რომელმაც გრიპის ვირუსი ჩაანაცვლა, სწორედ ამ სეზონისთვის, ზაფხულისთვის დამახასიათებელია. გაზაფხულზე, როდესაც გრიპი მთავრდება , მას მეტაპნევმოვირუსი ანაცვლებს. ქვეყანაში ის ახლა სწორედ დომინანტური ვირუსია. მეტაპნევმოვირუსი არის ვირუსი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ზემო სასუნთქი გზების დაზიანების, გაციების მსგავსი სიმპტომატიკა, თუმცა მან შეიძლება ასევე ფილტვების ანთება გამოიწვიოს. მიმდინარე წლის 25-ე კვირა ამ ვირუსის სიჭარბითაა, ასევე ბევრია ადენოვირუსი. ამ 2 ვირუსს ერთი რამ ახასიათებს: მათ მსუბუქად მიმდინარე დაავადების გამოწვევა შეუძლიათ. ეს არის მსუბუქი ყელის ტკივილი, დაბალი ტემპერატურა, 37 – 37, 5-ის , მაქსიმუმ 38-ის ფარგლებში, მას არ ახასიათებს ძლიერი თავის ტკივილი, კუნთების და სახსრების ტკივილი, როგორც ბავშვები, ისე მოზრდილები საავადმყოფოში არ ხვდებიან . ძირითადად, არის მსუბუქად მიმდინარე რესპირაციული ვირუსული ინფექცია , თუმცა, შეიძლება, ფილტვების ანთება გამოიწვიოს, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში, ანუ ახლა ვირუსული პეიზაჟი სწორედ ამ ვირუსის და რინოვირუსის სიჭარბითაა. რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს – კორონავირუსის შემთხვევები ისევ ფიქსირდება. მცირე რაოდენობით, 2-3 %-ს არ აღემატება, მაგრამ ქვეყანაში კორონავირუსი ისევ ცირკულირებს. თუ ვთქვით, რომ გრიპის სეზონი დამთავრდა, კორონავირუსის შემთხვევები ჯერ კიდევ მაინც რჩება, მცირე, მაგრამ გარკვეული რაოდენობით.” – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები