საქართველოში „ევროპის კვირეული – 2014“ დაიწყო

საქართველოში ევროპის კვირეული დაიწყო. ევროპის კვირეულის კონფერენციით, „ჩვენი ევროპული არჩევანი“ გაიხსნა, რომელიც ევროკავშირის თემაზე წინასწარ გამოცხადებული ესეების კონკურსისა და თბილისის სამხატვრო აკადემიაში გამოცხადებული კონკურსის დასკვნით ფაზას წარმოადგენს.
კონფერენცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა და პოლონეთის ელჩმა საქართველოში ანდრჟეი ჩიეშკოვსკიმ გახსნეს.
ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ კონკურსებში გამარჯვებული სტუდენტები, რის შემდეგაც ექსპერტებისა და სტუდენტების მონაწილეობით საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობისა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების საკითხებზე დისკუსია გაიმართა. კვირეული ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით იმართება. ღონისძიების მიზანია ევროკავშირსა და საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებზე საზოგადოების ცნობადობის ამაღლება. ევროპის კვირეული წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელიც ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შემადგენელი ნაწილია. კვირეული 14 მაისამდე გაგრძელდება. მის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სტუდენტებთან, აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, ფერმერებთან, პრობაციონერებთან, სპორტული ტურნირები, გამოფენები და სხვა საინტერესო ღონისძიებები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები