გივი მიქანაძე: საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის არაერთი ფაქტი გამოვლინდა

,,საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის არაერთი ფაქტი გამოვლინდა”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

,,14 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ ზონის უფროსმა, დიმიტრი კვანტალიანმა ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში „ქართული ოცნების“ შეხვედრის ჩაშლა სცადა. აღნიშნული შეხვედრის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში თავად დიმიტრი კვანტალიანმა ატვირთა და იქვე აღიარა, რომ ადგილზე მისვლის მიზეზი შეხვედრის ჩაშლა იყო.
14 სექტემბერს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელმა, ლექსო ვალიაურმა ქალაქ გორში „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და „ქართული ოცნების“ წევრების მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფა გააჟღერა და მცდელობა ჰქონდა შეკრების მონაწილეებში არეულობა გამოეწვია. სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი თვითონ ავტორმაც დაადასტურა.
ტელევიზიებმა „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ვიდეო-რგოლი თავდაპირველად ეთერში განათავსეს, თუმცა რამდენიმე დღეში ორივე მაუწყებელმა აღნიშნული რეკლამა ბადიდან ამოიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა. შემდგომ ცნობილი გახდა, რომ „ტვ პირველი“ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 5000 ლარით დააჯარიმა.
მაუწყებლების მხრიდან პოლიტიკური სუბიექტისთვის კუთვნილი უფასო პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობა ქმნის საშიშ და დამაზიანებელ პრეცედენტს საარჩევნო გარემოსთვის. ამის მაგალითია 6 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით სამი არხის (მთავარს, ტვ პირველსა და ფორმულას) მოქმედება, რომელთაც უნდა გაეშვა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპები ჯამში 787-ჯერ, მაგრამ არცერთხელ არ გაუშვეს, მაშინ როდესაც ოპოზიციის კლიპები გაუშვეს 6227-ჯერ. ეს მიუთითებს, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო აგიტაცია ამ ტელეკომპანიებს არათანაბარ გარემოში ჰყავთ, რის თაობაზეც ჩვენ საჩივრით მივმართეთ კუმინაკიცების კომისიას.
საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობაც გამოვლინდა ამ პერიოდში.
წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის რამდენიმე ფაქტი. კერძოდ:
საარჩევნო ადმინისტრაციამ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, პოლიტიკური პარტიებისთვის შეიმუშავა „პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი“, რომელიც 2024 წელს ევროპის პარლამენტის არჩევნებზე გამოყენებული დოკუმენტის ძირითად პრინციპებს ეფუძნება. ხელმოწერის პროცესის დაწყებამდე საარჩევნო ადმინისტრაციამ „ქცევის კოდექსის“ პროექტი გაცნობისა და მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით პარტიებს გაუგზავნა და საბოლოო ვერსია სწორედ მათი მოსაზრებების გათვალისწინებით შემუშავდა. საბოლოოდ, პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 27 პარტიიდან „ქცევის კოდექსს“ მხოლოდ და მხოლოდ ექვსმა პარტიამ მოაწერა ხელი (ხელმოწერისთვის დადგენილი ვადა 13 სექტემბერს ამოიწურა). ცესკოს ცნობით, ხელმომწერი ექვსი პარტიაა: „ქართული ოცნება“, „შეცვალე საქართველო“, „ევროპელი დემოკრატები“, „სამართლიანობისთვის“, „მესამე გზა“ და „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“. არცერთმა ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.
14 სექტემბერს ოპოზიციურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ დანიშნულ წევრებს ხელი შეეშალათ დაკვირვებოდნენ ისნისა და მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების ჩატარების პროცესს. ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით დასტურდება, რომ საარჩევნო პროცესში გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და საოლქო საარჩევნო კომისიებში პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს შესაძლებლობას აძლევს დააკვირდნენ აღნიშნულ ტრენინგებს, მათი მიმდინარეობისთვის ხელის შეშლის გარეშე. აღნიშნული შესაძლებლობით სარგებლობს კიდეც მათი დიდი ნაწილი. ზემოხსენებულ შემთხვევაში, მითითებული პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს მცდელობა ჰქონდათ ხელი შეეშალათ ტრენინგების მიმდინარეობისთვის, შემდგომ საკითხის ისე წარმოსაჩენად, თითქოს მათ არ მიეცათ პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა.
18 სექტემბერს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის ბრიფინგით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიისას, მედიასაშუალებებით გავრცელდა ურთიერთსაწინააღმდეგო, არასწორი და კანონთან შეუსაბამო ინფორმაცია საარჩევნო ბიულეტენების შევსების წესის, ხმის მიცემის ფარულობისა და ხმების დათვლის წესთან დაკავშირებით. კერძოდ, „ტვ პირველის“ ეთერში, 5 სექტემბერს, სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებით, მან პირდაპირ მოუწოდა ამომრჩევლებს, გააფერადონ საარჩევნო სუბიექტის წინ არსებული ერთი წრე, შემდეგ ის გადახაზონ და გააფერადონ სხვა წრე და „დააიმედა“ ამომრჩევლები, რომ ხელით გადათვლისას, საარჩევნო ადმინისტრაცია იძულებული იქნება ასეთი საარჩევნო ბიულეტენები ჩათვალოს ნამდვილად, მიუხედავად იმისა, რომ აპარატი მას ბათილად მიიჩნევს. ამავე კონტექსტში, იმგვარად მოიხსენია ხმის მიცემის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენების ფოტოგადაღების შესაძლებლობა, თითქოს ეს დაშვებული იყოს კანონით. ასევე, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში 15 სექტემბერს გავრცელდა ზემოხსენებული ორგანიზაციის იმავე წარმომადგენლის მიერ სხვა განცხადება, რომელიც გარკვეულწილად წინააღმდეგობაშია 5 სექტემბერს გაკეთებულ და წარმოდგენილ ინფორმაციასთან მიმართებაში, მაგრამ ამავდროულად, კვლავ კანონსაწინააღმდეგო და მანიპულაციურია. ამ შემთხვევაში, განმცხადებელი საუბრობს, რომ ფოტოვიდეოგადაღება არის აკრძალული, მაგრამ შეფასებებში ის მაინც უშვებს ფარული კენჭისყრის კაბინაში ფოტოვიდეოგადაღების შესაძლებლობას. ყოველივე ეს ემსახურება გარკვეული ქაოტური სიტუაციის შექმნას, რადგან კანონშეუსაბამო და დეზინფორმაციულმა საინფორმაციო კამპანიამ, შესაძლოა გამოიწვიოს ამომრჩევლის დაბნევა და იმგვარი ნეგატიური შედეგი, რომელმაც, შეიძლება, საფრთხე შეუქმნას არჩევნების მთლიანობას”, – აცხადებს მიქანაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები