„Mary Celeste-ს“ საიდუმლო — ეკიპაჟი, რომელიც ზღვაში უკვალოდ გაუჩინარდა
1872 წლის ცივი დეკემბრის დილას ბრიტანული ბრიგანტინას (ორანძიანი აფრიანი ხომალდი, წინა ანძაზე პირდაპირი, უკანა ანძაზე კი — ირიბი აფრებით), „Dei Gratia“-ს ეკიპაჟმა ატლანტის ოკეანის წყლებში უჩვეულო სანახაობა შენიშნა. ეს გახლდათ დინებას მიყოლილი ამერიკული სავაჭრო გემი „Mary Celeste“, რომელზეც შორიდან ეკიპაჟის ნიშანწყალიც კი არ ჩანდა. გემი, როგორც ჩანს, კარგ მდგომარეობაში იყო, მისი ტვირთიც ხელუხლებელი გახლდათ და არავითარი თავდასხმის ან დაზიანების კვალი არ შეიმჩენეოდა. მოგვიანებით, ეს ამბავი ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ამოუხსნელ საზღვაო საიდუმლოდ იქცა.
ისტორია ასე დაიწყო: 1872 წლის 7 ნოემბერს „Mary Celeste“ ნიუ-იორკიდან გენუაში გაემგზავრა. კაპიტანი ბენჯამინ ბრიგსი გახლდათ — გამოცდილი მეზღვაური, რომელსაც თან ახლდა მეუღლე, მათი ორი წლის ქალიშვილი და შვიდკაციანი ეკიპაჟი. გემს ალკოჰოლური ტვირთი გადაჰქონდა. წესით, ეს ერთ-ერთი რიგითი რეისი უნდა ყოფილიყო და შესაძლო ტრაგედიაზეც არაფერი მიუთითებდა.
მოგზაურობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ მიტოვებული „Mary Celeste“ აზორის კუნძულების სანაპიროდან, დაახლოებით, 400 მილის მოშორებით იპოვეს. როდესაც „Dei Gratia-ს“ ეკიპაჟი გემზე ავიდა, მათ რაღაც შემაშფოთებელი აღმოაჩინეს. გემის ჟურნალში ბოლო ჩანაწერი 25 ნოემბრით იყო დათარიღებული, რაც მიუთითებს იმაზე, რომ „Mary Celeste“ ამ მდგომარეობაში ერთ კვირაზე მეტხანს იმყოფებოდა. გემზე ექვსი თვის სამყოფი საკვები იყო, სამაშველო ნავი კი, დაკარგული; ხოლო პირადი ნივთები, მათ შორის, კაპიტნის ძვირფასი ნივთები — ხელუხლებელი. თუმცა, სად წავიდა ეკიპაჟი?
წლების განმავლობაში უამრავი თეორია გაჩნდა, რომელიც „Mary Celeste-ს“ ეკიპაჟის გაუჩინარებას ხსნიდა. ზოგი თვლის, რომ უეცრად მოვარდნილი ქარიშხლის ან წყლის ნაკადის გამო, ჩაძირვის შიშით, ეკიპაჟმა პანიკურად მიატოვა გემი, თუმცა, ეს თეორია მცდარია. „Mary Celeste-ს“ არ ეტყობოდა წყალდიდობის ან დაზიანების ნიშნები. შემდგომ სპეკულაციის მიზეზი ალკოჰოლური ტვირთიც გახდა. ივარაუდეს, რომ კასრებიდან რაღაცამ გაჟონა და აფეთქების ან ხანძრის საშიშროება შეიქმნა, რის გამოც ეკიპაჟმა ევაკუირება გადაწყვიტა, მაგრამ ბორტზე ხანძრის ან აფეთქების კვალიც არ ყოფილა.
სხვა, უფრო უცნაური თეორიები მეკობრეების თავდასხმაზე მიანიშნებდნენ, თუმცა არცერთი ძვირფასი ნივთი არ იყო მოპარული.ზოგი იმასაც ამტკიცებდა, რომ ადამიანები „ზღვის მონსტრებმა“ ან უცხოპლანეტელებმა გაიტაცეს. ცხადია, ეს იდეაც უარყვეს. უარყვეს, ასევე, კაპიტნის წინააღმდეგ მიმართული ამბოხის იდეა, რადგან ძალადობის ან ბრძოლის კვალი არ ჩანდა.
მრავალი გამოძიების მიუხედავად, „Mary Celeste-ს“ ეკიპაჟის ბედი კვლავ საიდუმლოდ რჩება. დროთა განმავლობაში, გემზე შეიქმნა ლეგენდები, დაიწერა წიგნები და გადაიღეს არაერთი ფილმები. 1884 წელს არტურ კონან დოილმა დაწერა „Mary Celeste-ს“ ამბით შთაგონებული მოთხრობა, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა ამ ისტორიის ადგილი პოპულარულ კულტურაში.