შინაგან საქმეთა სამინისტროს ბელარუს ჟურნალისტთა დელეგაცია ეწვია – ვიდეო

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ბელარუს ჟურნალისტთა დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაციის შემადგენლობაში ბელარუსის ტელევიზიებისა და პრესის ჟურნალისტები იყვნენ.
 
შეხვედრაზე შალვა ხუციშვილმა დელეგაციის წევრებს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობაზე, უწყებაში დაგეგმილ პროექტებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ესაუბრა. ბელარუსი ჟურნალისტები საქართველოს შს სამინისტროში წარმატებით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებით, განსაკუთრებით – ახლადშექმნილი ერთობლივი ოპერაციების ცენტრით დაინტერესდნენ.
 
შს მინისტრის მოადგილემ სტუმრებს გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით სამინისტროში დაწყებული ახალი პროექტი – „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ გააცნო, რომელსაც შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი ახორციელებს.
 
„ახალი პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში, ვიდეოანალიტიკური პროგრამებით აღჭურვილი ე.წ. „ჭკვიანი კამერების“ დამონტაჟება, მათი ჩართვა შს სამინისტროს ერთიან ქსელში და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მიერ ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით აღნიშნული კამერების უწყვეტი მონიტორინგი. პროექტის მიზანია პოლიციის საქმიანობაში მაღალი ტექნოლოგიების როლის გაზრდა და დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება. ერთობლივი ოპერაციების ცენტრი შსს-ს ტექნოლოგიების ცენტრალიზებულ ჰაბს წარმოადგენს. იგი დანაშაულის პრევენციას, მომხდარ დანაშაულზე ოპერატიულ რეაგირებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენასა და აღკვეთას შეუწყობს ხელს,“- აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.
 
შეხვედრის დასასრულს, უცხოელმა სტუმრებმა საპატრულო პოლიციის ავტომანქანები და პატრულ-ინსპექტორების აღჭურვილობა დაათვალიერეს.
 
ბელარუსი ჟურნალისტები, ასევე, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს ეწვივნენ. ისინი „112“-ის მუშაობის სპეციფიკას, ცენტრის სერვისებსა და ინოვაციურ პროექტებს გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები