„რაიან გრისტის დანიშვნა საგარეო უწყებასთან შეთანხმებული არ ყოფილა“

ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ რაიან გრისტის დანიშვნა საგარეო უწყებასთან შეთანხმებული არ ყოფილა,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ორშაბათის ტრადიცულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზალკალიანმა აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირთან 2008 წელს გაფორმებული შეთანხმება, როდესაც ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ესა თუ ის წევრი ინიშნება, არ გულისხმობს, რომ ეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იყოს შეთანხმებული. მისი თქმით, აქედან გამომდინარე, უწყებას არანაირი ზემოქმედების ბერკეტი არ გააჩნია.
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ყოველგვარი ინსინუაციები და ბრალდებები. რომ საქართველოს საგარეო უწყებამ არ გადადგა რაიმე ნაბიჯი ამასთან მიმართებაში, არის მცდარი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. “მე მხედველობაში მაქვს ყოფილი დიპლომატების განცხადება. ვინ თუ არა მათ, ძალიან კარგად იციან, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ სიტუაციაში ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხელი არ მიუწვდება და, რბილად რომ ვთქვათ, არასამართლიანია, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროს დადანაშაულება ხდება. მინდა ასევე მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენ ინტენსიურ მოლაპარაკებებში ვიმყოფებით ევროკავშირთან. საგარეო საქმეთა მინისტრს, მაია ფანჯიკიძეს შეხვედრები აქ, თბილისში ჰქონდა, ასევე ბრიუსელში ჩვენს მისიას აქვს შეხვედრები ევროკავშირის მისიასთან. ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის ყოფნა საქართველოში, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ საკითხის მთლიანი კონტექსტი, რომ ევროკავშირი არის ერთადერთი საერთაშორისო მანდატის მისია და ძალიან ფრთხილი უნდა ვიყოთ შეფასებებში, რომ არ დავაზიანოთ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქართული მხარე ამ მისიას ძალიან უფრთხილდება და სურს, რომ მან საქართველოში საქმიანობა მომავალშიც გააგრძელოს. დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ რაიან გრისტთან დაკავშირებით პროცესი დასრულებული არ არის და ყველას მოუწოდებს, წინასწარი დასკვნებისგან თავი შეიკავონ.
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საბოლოოდ გადაწყვეტილება მისაღები იქნება როგორც ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოსთვის და, საერთო ჯამში, იქნება ისეთი, რომ არც ევროკავშირთან ურთიერთობები დაზიანდეს და არც საქართველოს ინტერსები.
2008 წლის აგვისტოში რაიან გრისტი ეუთოს მისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო და მან მაშინ საქართველო ცხინვალზე თავდასხმაში დაადანაშაულა.
რაიან გრისტი რამდენიმე დღის წინ საქართველოში ევროკავშირის სადამაკვირვებლო ხელმძღვანელის მოადგილედ დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები