დავით სონღულაშვილი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს, იშტვან ნაძს შეხვდა.

დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა უნგრელ კოლეგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე უნგრეთის ურყევი მხარდაჭერისთვის და სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებებით გამოხატული თანადგომისთვის.

უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების ახალი შესაძლებლობები განიხილეს.

დავით სონღულაშვილმა უნგრეთთან გამორჩეული პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და უნგრელ კოლეგას ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამების, ასევე, საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა – შეიმუშავა და წარმატებით განახორციელა რეფორმები სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით. უნგრეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე საუბრისას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული პროდუქტებისთვის ევროკავშირის ბაზარზე წვდომის უზრუნველყოფა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უნგრეთთან არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე ტყეების მდგრადი მართვის მიმართულებით და ტყის სექტორში სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

„ჩვენს ქვეყნებს თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვთ – სოფლის მეურნეობის ინოვაციებიდან და ვაჭრობიდან დაწყებული, გარემოს მდგრადობაზე ზრუნვით დასრულებული. ჩვენს შორის არსებული საერთო ინტერესები მრავალი შესაძლებლობის საფუძველს ქმნის. არსებული პარტნიორობის გაღრმავებით და ჩვენი უნიკალური ძლიერი მხარეების ეფექტიანად გამოყენებით, შეგვიძლია მივაღწიოთ შთამბეჭდავ შედეგებს, რომლებიც სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს და ხალხს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრმა უნგრელ კოლეგასთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა საქართველოდან უნგრეთში აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით სტუდენტების გაცვლითი პროგრამების ფარგლებში თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას.

უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა იშტვან ნაძმა, დავით სონღულაშვილს უნგრეთში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და თანამშრომლობა უახლოეს მომავალში ხელშესახები და ურთიერთსასარგებლო შედეგების მომტანი იქნება.

„მოხარული ვარ ჩემს ქართველ კოლეგასთან შეხვედრით. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი, ასევე, შევეხეთ სატყეო სექტორის და ირიგაციის საკითხებს. ჩვენ განვიხილეთ ვაჭრობის შესაძლებლობები, ასევე, თუ როგორი შეიძლება იყოს უნგრეთის მხრიდან დახმარება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. განვიხილეთ საქართველოსთან პარტნიორობის საკითხები რეგიონში ვაჭრობის და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით“, – განაცხადა იშტვან ნაძმა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა უნგრელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად, მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი, მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი დარჩია ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები