რუსი პრანკერები სალომე ზურაბიშვილსა და უჩა ნანუაშვილს, გარი კასპაროვისა და პეტრო პოროშენკოს სახელით დაუკავშირდნენ
რუსი პრანკერები სალომე ზურაბიშვილსა და უჩა ნანუაშვილს, გარი კასპაროვისა და პეტრო პოროშენკოს სახელით დაუკავშირდნენ.
ყოფილ პრეზიდენტს და ყოფილ ომბუდსმენს ჰკითხეს – ვინ აღვივებს საპროტესტო განწყობას საქართველოში, საიდან გაჩნდნენ ნიღბიანი შეიარაღებული პირები მომიტინგეების რიგებში და რა სახის დახმარება სჭირდება ოპოზიციას.
ექსპრეზიდენტმა პრანკერებს უთხრა, რომ “ოპოზიციას კრიტიკულად აკლია თანხები და ევროპა ნელა მოქმედებს”.
პრანკერების ინფორმაციით, ისინი სალომე ზურაბიშვილს გარი კასპაროვის სახელით პირად ფინანსურ დახმარებას და ამერიკის მთავრობისთვის ინფორმაციის გადაცემას დაპირდნენ. საპასუხოდ ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ USAID-ისა და ევროპული ფონდებისგან შეჩერებული დაფინანსების შემდეგ, საპროტესტო აქტივობის გასაგრძელებლად, განსაკუთრებულ დახმარებას საჭიროებს მედია და არასამთავრობო სექტორი, რომლის ნაწილმაც ანგარიშები სხვა ქვეყნებში გახსნა. ახალი კანონმდებლობის შემდეგ საელჩოების მხრიდან დაფინანსების შეწყვეტაზე ესაუბრა პრანკერებს უჩა ნანუაშვილიც, რომელმაც პარალელი გაავლო მაიდნის მოვლენებთან და ახსენა არაოფიციალური შეიარაღებული დაჯგუფებებიც.
სალომე ზურაბიშვილთან და უჩა ნანუაშვილთან პრანკერების ზარის შესახებ ვიდეომასალა დღეს გავრცელდა.