რატი იონათამიშვილი – ირაკლი ღარიბაშვილზე: საქართველოს პრემიერ-მინისტრობა მოუწია საკმაოდ რთულ და რისკებით სავსე პერიოდში
“მას საქართველოს პრემიერ-მინისტრობა მოუწია საკმაოდ რთულ და რისკებით სავსე პერიოდში და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ იარა ამაყად და ღირსეულად,” – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა, „დღის ქრონიკაში“ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანამ შეინარჩუნა როგორც მშვიდობა, ასევე განვითარების მნიშვნელოვანი ტემპები.
„ჩვენგან მადლობა ეკუთვნის ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. აქცენტს მისი პრემიერობის მეორე ვადაზე გავაკეთებ. მას საქართველოს პრემიერ-მინისტრობა მოუწია საკმაოდ რთულ და რისკებით სავსე პერიოდში და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ იარა ამაყად და ღირსეულად. ჩვენ შევინარჩუნეთ როგორც მშვიდობა, ასევე განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ტემპები.
შეგახსენებთ, ის გახდა პრემიერ-მინისტრი, როდესაც გახარია „ნაცებისთვის“, მოღალატეობრივად გადადგა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან და ჩვენ უკვე ვიცით, ვისი დაკვეთით იყო ეს გადადგომა, რას ემსახურებოდა, რას ისახავდა ის მიზნად. ამ მძიმე ვითარებაში შემობრუნება მარტივი არ იყო. რა თქმა უნდა, ამ შემობრუნების უკან ბატონ ირაკლისთან ერთად მთლიანად „ქართული ოცნების“ გუნდი იყო, პირველ რიგში, პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე.
სწორედ ეს არის ის, რომ ძლიერი გუნდი ნიშნავს ძლიერ ქვეყანას და ძლიერ სახელმწიფოს. რა თქმა უნდა, ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა რომ საქართველოს განვითარება და პროგნოზები ეკონომიკის თვალსაზრისით რაც კეთდება დღეს, მათ შორის ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან, კიდევ უფრო გადაჭარბებით იყოს შესრულებული.
ბოლო თვეებში ჩვენ ვატყობთ, რომ ყოველ ჯერზე დაგეგმილზე უკეთესი შედეგები და პარამეტრები არის მაგიდაზე, რაც არის ფაქტები. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით კიდევ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ, არაერთ მნიშვნელოვან საკითხს გადავჭრით და ჩვენი ქვეყნის შეუქცევად, სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას უზრუნველვყოფთ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა ფრაქცია “ქართულის ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.