ეკა სეფაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, როცა საქართველოს აიძულებდნენ ომში ჩაბმულიყო – მას ძალიან დიდი წნეხის გადალახვა მოუწია იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის სიმართლე დაემტკიცებინა
ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბარში კომენტარი გააკეთა პარტია „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვან პერიოდში ირაკლი ღარიბაშვილმა უდიდესი როლი შეასრულა.
დეპუტატის განცხადებით, ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადება არ გაჰკვირვებია, იმ მიზეზით, რომ ბოლო პერიოდში ღარიბაშვილი პოლიტიკაში აქტიურად აღარ მონაწილეობდა.
„ირაკლი ღარიბაშვილმა თავის დროზე, როდესაც ის იყო პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი თუ პარტიულ თანამდებობაზე მომუშავე ადამიანი, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს უახლოეს ისტორიაში. პანდემიის დასრულების შემდეგ, მან ჩაიბარა ქვეყნის ეკონომიკა, რომელიც რეცესიაში იყო და მიუხედავად ამისა, შეძლო მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდისთვის ჩაეყარა საფუძველი. მისი ხელმძღვანელობით დაიწყო ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, რომელიც დღესაც გრძელდება.
ირაკლი ღარიბაშვილმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მაშინ, როცა საქართველოს აიძულებდნენ ომში ჩაბმულიყო. ის შეიძლება ითქვას, რომ პირველი იყო იმ ადამიანებს შორის, რომელზეც ყველაზე დიდი წნეხი განხორციელდა. ღარიბაშვილმა გაუძლო ამ წნეხს. მახსოვს, როგორი ბულინგი ხორციელდებოდა მის მიმართ, მისი ნებისმიერი გამონათქვამის მიმართ. იმ პერიოდში საზოგადოება გაცილებით უფრო მოწყვლადი იყო ცრუ ნარატივების გავრცელების მიმართ და მას ძალიან დიდი საზოგადოებრივი წნეხის გადალახვა უწევდა იმისათვის, რომ საზოგადოების გარკვეული ფენისთვის დაემტკიცებინა ის სიმართლე, რასაც ამბობდა. რასაკვირველია ეს არ ეხებოდა ყველას, მაგრამ მაშინ იყო გაცილებით უფრო დიდი საზოგადოების ის ფენა და მოსახლეობის რაოდენობა, ვისაც საქართველოს წინააღმდეგ მომუშავე მავნებლების უსიტყვოდ და უპირობოდ სჯეროდა და ფიქრობდნენ, რომ დასავლეთს, მხოლოდ კარგი უნდოდა საქართველოსთვის. ვიმეორებ, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვან პერიოდში უდიდესი როლი შეასრულა.
მისი გადადგომა სიმართლე გითხრათ დიდად არ გამკვირვებია იმიტომ, რომ ის ბოლო პერიოდში აქტიურად აღარ მონაწილეობდა პოლიტიკაში. თუ იგი მიიჩნევს, რომ მან მოიხადა ვალი სამშობლოს, ქვეყნის, ერისა და პარტიის წინაშე მაშინ მას ნამდვილად აქვს უფლება განაცხადოს წასვლის შესახებ,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.