რუსთავის ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი ,,ქართული” ცენტრალურ პარკში 26 აპრილს გაიხსნება
რუსთავში, 26 აპრილს ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი “ქართული” გაიხსნება. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფესტივალი უკვე მეორედ ტარდება და წელს, მასში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით მოქმედი 26 ქორეოგრაფიული ანსამბლის, 3000-ზე მეტი მოცეკვავე მიიღებს.
ფესტივალის საზეიმო გახსნა, ხვალ გაიმართება, საკონკურსო ნაწილი კი 27 აპრილიდან დაიწყება.
კონკურს-ფესტივალი ,,ქართული” რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით 2024 წელს დაარსდა. ფესტივალისათვის ექსკლუზიურად დამზადდა ლოგო და მუსიკა.
ლაცაბიძის თქმით, მიზანი ახალგაზრდებისთვის ფოლკლორის სიყვარულის გადაცემაა.
,,რუსთავის ფესტივალი ,,ქართული”, წელს საქართველოს მასშტაბით უმასპინძლებს ქორეოგრაფიულ ანსამბლებს და მასში უკვე 3000-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. ეს ფესტივალი, ჩვენ 2024 წელს ქორეოგრაფიული ანსამბლების ხელშეწყობის მიზნით დავაფუძნეთ, გვსურს, რომ განვითარდნენ და კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას გადასცენ ჩვენი ტრადიციებისა და ფოლკლორის სიყვარული. 26 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, ჩვენს უნიკალურ პარკში მოწყობილ საფესტივალო სივრცეში ყველას გიწვევთ ყველაზე ქართულ დღეებზე”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის ცენტრალურ პარკში მოწყობილი საფესტივალო სივრცე 14:00 საათზე გაიხსნება, სადაც ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, ჩატარდება კალიგრაფიის, კერამიკისა და ხალიჩის ქსოვის მასტერკლასები, მოეწყობა კულინარიული კუთხეები.
ფესტივალის გახსნასთან დაკავშირებით, 20:00 საათზე დაიწყება კონცერტი, რომელშიც ქორეოგრაფიული ანსამბლი „სალხინო” და „კახაბერი და ხანუმები” მიიღებენ მონაწილეობას.
რუსთავის ცენტრალურ პარკში, ტბის ნაპირზე მოწყობილ საფესტივალო სივრცეში საკონკურსო დღეები 5 მაისს გრანდიოზული ღონისძიებით დაიხურება. კონკურს-ფესტივალი “ქართული”, რუსთავის მერიის ორგანიზებით უკვე მეორედ იმართება.