ლევან მახაშვილი – ჩვენი მიზანია, გამჭვირვალე იყოს ის ფული, რომელიც საქართველოში უკანონოდ შემოედინება
„ჩვენი მიზანია, გამჭვირვალე იყოს ის ფული, რომელიც საქართველოში უკანონოდ შემოედინება,“- ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით მიღებულ კანონზე საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, კრიტიკას ვერ მიიღებენ იმ ადამიანებისგან, რომლებიც თავად არიან იმ პრობლემის წყარო, რასაც კანონი ეხება.
„იმ ვითარებაში არ ვართ, რომ მათ არგუმენტებით არ ვუპასუხოთ. ყოველთვის ვამბობდით, რომ არსებობს პრობლემა, რომელსაც მოგვარება სჭირდება და თუ ვინმეს გამოსავალი აქვს, შემოგვთავაზეთ-თქო. გამოსავალი არავის შემოუთავაზებია. მეტიც, ყველა დუმილით ელოდებოდა იმ პროცესებს, ვიდრე საპარლამენტო განხილვები დასრულდებოდა. ჩვენ ხმამაღალი განცხადებები არ გვჭირდება. ერთადერთი, რასაც მათგან ვითხოვთ, არის საერთო გამოსავალი. თუ ვინმეს გამოსავალი აქვს, ამაზე ვილაპარაკოთ და ეს პრობლემა ასე გადავწყვიტოთ. თუ რამით შეიძლება ეს პრობლემა გაქრეს, ეს არის ის ცვლილებები, რაც მივიღეთ. ამ პრობლემას არასამთავრობო ორგანიზაციები თავისი ნაბიჯებით ქმნიან. ამიტომ, კრიტიკას ვერ მივიღებთ იმ ადამიანებისგან, ვინც ამ პრობლემას არათუ აგვარებენ, არამედ თავად არიან ამ პრობლემის წყარო. ბიუროკრატიაზე როცა ვსაუბრობთ, რაც უნდა გავაკეთოთ, მაგ ნაწილში ბრიუსელს ვერ ვაჯობებთ. რაც შეეხება დანარჩენს, გავიხსენოთ, საუბარი რაზეა – ჩვენი მიზანია, გამჭვირვალე იყოს ის ფული, რომელიც საქართველოში უკანონოდ შემოედინება. ჩვენ მიერ მიღებული კანონების მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო. მთავრობაზე მიმართვით უზრუნველყოფილი იქნება, რომ გვეცოდინება, საქართველოში რა თანხა შემოდის, რამდენს ხარჯავს და ვინ სად ხარჯავს. ამას ამდენი ხანია, ვითხოვთ და შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ კანონიერი არ იყო. მთავრობისთვის მიმართვა იქნება გარანტია, რომ ის თანხა, რაც საქართველოში შემოდის, ემსახურება არა „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას, არამედ იმას, რაც საზოგადოებას სჭირდება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უცხოური გრანტების გაცემის წესს შეცვლის, პარლამენტმა პირველი მოსმენით 15 აპრილს განიხილა. პროექტის მიხედვით, დონორი ვალდებული იქნება, თანხის გაცემის შესახებ ნებართვა მთავრობისგან მოიპოვოს.