ირაკლი კობახიძე: რაც უფრო მეტად დასუსტდება „დიფ სთეითი“, მით მეტია პერსპექტივა, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის

რაც უფრო მეტად დასუსტდება „დიფ სთეითი“, მით მეტია იმის პერსპექტივა, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არსებობს სურვილი, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან განახლდეს.

„ჩვენ გვაქვს ხელი გაწვდილი, საუბარი შედგა, მათ შორის აშშ-ის ელჩთან საქართველოში, კომუნიკაცია არსებობს. ჩვენ ოპტიმიზმით ველოდებით, ვნახოთ, რა იქნება. შეგვიძლია, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ის, რასაც ხშირად ვამბობთ – ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა იქნება დამოკიდებული „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე. გახსოვთ, ტრამპის ცნობილი სიტყვები, ან ამერიკა გაანადგურებს „დიფ სთეითს“, ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ამერიკას. ეს ორთაბრძოლა მიმდინარეობს. „დიფ სთეითი“ რამდენად შეიძლება, განადგურდეს არ ვიცი, საუბარია სერიოზულ ძალაზე, მაგრამ საბოლოო ჯამში რაც უფრო მეტად დასუსტდება, მით უფრო მეტია იმის პერსპექტივა, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის. ჩვენ გვაქვს გაკეთებული საჯარო განცხადებები, რომ გვინდა სრულიად სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. უფრო მეტიც, ჩვენ ვამბობთ, რომ მანამდე ეს იყო ფურცელზე არსებული პარტნიორობა, ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს კონკრეტული გზამკვლევი ამ პარტნიორობისთვის, სადაც აისახება გუნდური სარგებელი ორივე სახელმწიფოსთვის, როგორც აშშ-სთვის, ასევე საქართველოსთვის. ჩვენი სურვილი ეს არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები