Bloomberg: აშშ მინერალების შესახებ შეთანხმებისთვის პირობებს “არბილებს”
აშშ-მა უკრაინის მიმართ დახმარების დაბრუნების მოთხოვნები შეამსუბუქა,- ინფორმაციას Bloomberg-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაციამ იმ დახმარების ოდენობის შეფასებისას, რაც აშშ-მა უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გაუწია, გადაცემული თანხა 300 მილიარდი დოლარიდან, დაახლოებით, 100 მილიარდ დოლარამდე შეამცირა.
“ჩვენმა ტექნიკურმა გუნდებმა ძალიან საფუძვლიანად იმუშავეს შეთანხმებაზე და არის მნიშვნელოვანი პროგრესი. ჩვენმა იურიდიულმა პერსონალმა შეცვალა რამდენიმე საკითხი ხელშეკრულების პროექტში”,- განაცხადა უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ.
მისივე თქმით, შეთანხმების უმეტესი ნაწილი უკვე დამუშავებულია.
ასევე, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ძალიან ნაყოფიერი იყო და შეთანხმების საბოლოო ეტაპზე გადასვლას მალე ელოდებიან.