რობერტ ფიცო – კალასის გაფრთხილების მიუხედავად, 9 მაისს მოსკოვში ჩავდივარ
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო გამოეხმაურა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლის, კაია კალასის გაფრთხილებას ევროპელი ლიდერებისადმი, რომ არ დაესწრონ მოსკოვში 9 მაისის სამხედრო ღონისძიებას და მოუწოდა მათ, სოლიდარობის ნიშნად უკრაინის გვერდით დადგნენ.
როგორც ფიცო აცხადებს, კაია კალასის გაფრთხილების მიუხედავად, 9 მაისს მოსკოვში ჩავა და ნაცისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვებიდან მე-80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრება.
“ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის ლიდერებს აფრთხილებს, არ მიიღონ მონაწილეობა მოსკოვში მაისის გამარჯვების დღის ღონისძიებებში. ის ამბობს, რომ მონაწილეობის მიღებას სერიოზულად მოეკიდება.
მე 9 მაისს მოსკოვში მივდივარ. ქალბატონი კალასის გაფრთხილება შანტაჟია თუ მუქარა, რომ მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ დამსჯიან? არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ 2025 წელია, და არა – 1939″, – წერს ფიცო სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩინეთის, ინდოეთის, ბრაზილიისა და ასევე ევროკავშირის წევრი სლოვაკეთისა და EU-ს კანდიდატის სტატუსის მქონე სერბეთის ლიდერები მიიწვია ნაცისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვებიდან მე-80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე.