“როცა სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკე პიკს აღწევდა, თქვენ გაბედეთ და გაემიჯნეთ ხელისუფლებას“

   5 წლის წინ, როცა სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკე პიკს აღწევდა, თქვენ გაბედეთ და გაემიჯნეთ ხელისუფლებას -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკური პარტია “თავისუფალი დემოკრატები”-ს დაფუძნებიდან 5 წლისთავის აღსანიშნავ საიუბილეო ღონისძიებაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, “თავისუფალი დემოკრატები”-ს გამოჩენამ საზოგადოებას ცვლილებების მოლოდინი გაუჩინა, რადგან გუნდში ძირითადად თავი მოიყარეს ადამიანებმა, რომლებმაც უარი თქვეს სააკაშვილის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე.
“5 წლის წინ ამ დღეს ქართული საზოგადოების წინაშე წარსდგა თანამოაზრეთა გუნდი, რომელმაც პოლიტიკაში შესვლის განაცხადი გააკეთა. 5 წლის წინ, როცა სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკე პიკს აღწევდა, თქვენ გაბედეთ და გაემიჯნეთ ხელისუფლებას. მაშინ თქვენმა გამოჩენამ საზოგადოებას ცვლილებების მოლოდინი გაუჩინა, რადგან ამ გუნდში ძირითადად თავი მოიყარეს ადამიანებმა, რომლებმაც უარი თქვეს სააკაშვილის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე, უარი თქვეს დიპლომატის საპატიო თანამდებობაზე და ქვეყნის ინტერესი ყველაფერზე წინ დააყენეს, -” განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერმა.
ღონისძიება, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საკანონმდებლო და აღამსრულებელი ხელისუფლების წევრები დაესწრნენ, ლევან მიქელაძის ხსოვნას მიეძღვნა.
“სახელმწიფოს ინტერესები, დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება იყო ის იდეალები, რამაც თქვენ გაგაერთიანათ და ამას სათავეში ლევან მიქელაძე ედგა.
მე კარგად მესმის, რას ნიშნავს დღევანდელი დღე ამ პარტიის დამფუძნებლებისთვის, მისი წევრებისათვის, როგორი ემოციურია ეს დღე თქვენთვის იმის გამო, რომ სრულიად გამორჩეული ადამიანის, ღირსეული მოქალაქის, შესანიშნავი დიპლომატისა და ჩვენი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტის, თქვენი მეგობრის ლევან მიქელაძის სახელთან არის დაკავშირებული. ძალიან სამწუხაროა, რომ ის ჩვენ შორის აღარ არის.”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერმა “თავისუფალ დემოკრატებს” საერთო მიზნების მიღწევაში წარმატება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები