ოზურგეთში, მერაბ კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ოზურგეთში, მერაბ კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტი, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 653 757 ლარით დაფინანსდა.
გზის რეაბილიტაციის პროცესს, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილეებთან გიორგი ღურჯუმელიძესთან, ნიკა ბოლქვაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.
თალაკვაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ქალაქის ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალის – კოსტავას ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ვასრულებთ. გზის ახალ საფართან ერთად, რომლის სიგრძეც 1.5 კილომეტრია – წყალმომარაგების ახალ სისტემას, კომუნიკაციებს, განათებას და ტროტუარებს, ასევე, მგზავრთა ახალ მოსაცდელებს ვაკეთებთ. ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის,”- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.