საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს ნამდვილად სურთ მოპოვებულ მანდატებზე უარის თქმა, მათ შესაბამისი იურიდიული პროცესები გაიარონ.
როგორც კირცხალია განმარტავს, ბარიერგადალახული ოთხი პოლიტიკური სუბიექტის მოთხოვნა მანდატების გაუქმების შესახებ, იურიდიულ ძალას მხოლოდ მას შემდეგ შეიძენს, რაც შესაბამისი მოთხოვნით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ, თუმცა მანამდე პარლამენტმა ყველა დეპუტატის უფლებამოსილება უნდა ცნოს.
“ჯერ უნდა შეიკრიბოს პარლამენტი, ცნობილი უნდა იქნეს 150 დეპუტატის უფლებამოსილება და ამის შემდეგ შეუძლიათ მათ, რომ დაწერონ ინდივიდუალური განცხადებები პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე. თუ ეს არ იყო უტიფარი პოპულიზმი და თუ ეს არ იყო ისევ იმ გაცვეთილი და სასაცილო სცენარის გამეორება, რაც გააკეთეს 2020 წელს პუფებად წოდებულებმა (თავად დაარქვეს თავის თავს პუფები), კეთილი ინებონ, როდესაც შეიკრიბება პირველი სხდომა, მობრძანდნენ და დაწერონ განცხადება”, – განმარტავს კირცხალია.