შალვა პაპუაშვილი: ქართველთა დიასპორების გაძლიერების მიზნით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ჩვენმა თანამოქალაქეებმა ეროვნული თვითმყოფადობა შეინარჩუნონ

,,ჩვენი დიდი სურვილია, რომ ყველა ქართველს, საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, ჰქონდეს ჩვენი ქვეყნის პროგრესში წვლილის შეტანის შესაძლებლობა”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველთა დიასპორების გაძლიერების მიზნით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ჩვენმა თანამოქალაქეებმა ეროვნული თვითმყოფადობა შეინარჩუნონ.

„ამ მიმართულებით მრავალი ღონისძიება ხორციელდება, მაგრამ დღეს ყურადღებას გავამახვილებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ კონკურსზე „ქართული კალიგრაფია“. დღევანდელი ღონისძიება სწორედ საკვირაო სკოლის გამარჯვებულ მოსწავლეთა შესანიშნავი ნამუშევრების ფონზე მიმდინარეობს. ქართული დამწერლობა და ქართული კალიგრაფია ჩვენი ისტორიის, კულტურის, ღირებულებების ვიზუალური წარმოჩინებაა. მადლობას გიხდით კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის და მშობლიურ ენასთან ასეთი მტკიცე კავშირების შენარჩუნებისთვის. აგრეთვე, დიდი მადლობა საკვირაო სკოლების მასწავლებლებს, რომლებიც სამშობლოსგან შორ მანძილზე, დიდ შრომას დებენ, რათა ჩვენს ახალგაზრდა თანამოქალაქეებს ყველაფერი მშობლიური შეაყვარონ.

ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობების განვითარების, მათი უფლებების დაცვის, ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციის კუთხით, აღსანიშნავია ჩვენი საელჩოებისა და საკონსულოების წამყვანი როლი. დღეს გერმანიაში ქართული დიასპორის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსული გიორგი ტაბატაძე დაჯილდოვდება. ბატონო გიორგი, გილოცავთ და მადლობას გიხდით გაწეული საქმიანობისთვის.

მზად ვართ, გავაგრძელოთ დიალოგი და თანამშრომლობა ჩვენს დიასპორელბთან, და ერთად ვიმუშაოთ საქართველოს ნათელი, მშვიდობიანი და წარმატებული მომავლისთვის. ქართველთა დიასპორების გაძლიერების მიზნით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ჩვენმა თანამოქალაქეებმა ეროვნული თვითმყოფადობა შეინარჩუნონ.

მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს ჩვენი ქვეყნის სასიკეთო საქმიანობისთვის. წარმატებას გისურვებთ!“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები