22 მარტს „დედამიწის საათი” საქართველოში მეჩვიდმეტედ აღინიშნება
„22 მარტს „დედამიწის საათი” საქართველოში მეჩვიდმეტედ აღინიშნება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, დღეს საღამოს 20:30 საათიდან 21:30 საათამდე, ერთი საათის განმავლობაში შუქი ჩაქრება – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში და ფასადზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა სამინისტროების შენობებში, საქართველოს პარლამენტის შენობაში,“- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ასევე, გამოირთვება რიყის პარკის ტერიტორიაზე არსებული გარე განათება, მშვიდობის ხიდი, ნარიყალას ციხე-სიმაგრე, თავისუფლების მოედანზე მდებარე წმინდა გიორგის მონუმენტი, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობები, ძველი თბილისის შენობები, თბილისის სატელევიზიო ანძა, თბილისის მერია. თბილისის სატელევიზიო ანძა მთელი ღამის განმავლობაში მწვანედ განათდება.
„“დედამიწის საათი” მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს. ღონისძიების მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ.
„დედამიწის საათი” მსოფლიოს უდიდესი გარემოსდაცვითი მოძრაობა, პირველად 2007 წელს, ავსტრალიაში ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა (WWF) ჩაატარა. სიდნეიში სინათლის ჩაქრობის სიმბოლური და ერთჯერადი ღონისძიების სახით წამოწყებულმა „დედამიწის საათმა“ ისეთი მასშტაბები შეიძინა, რომ მას კერძო პირები, ბიზნესს-საწარმოები და ორგანიზაციები შეუერთდნენ,“- ნათქვამია ინფორმაციაში.