ლევან მაჭავარიანი: ჩვენი და აშშ-ის ურთიერთობის გადატვირთვა დამოკიდებულია უკრაინაში ტრაგედიის დასრულებაზე და იმაზე, შეძლებს თუ არა ტრამპი „დიფ სთეითის“ განადგურებას

“ჩვენი და აშშ-ის ურთიერთობის გადატვირთვა დამოკიდებული არის ერთის მხრივ, უკრაინაში ტრაგედიის დასრულებაზე და მეორეს მხრივ, იმაზე შეძლებს თუ არა, ბატონი ტრამპი „დიფ სთეითის“ დამარცხებას და განადგურებას ამერიკაში”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ლევან მაჭავარიანმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პარტნიორობა რეალური უნდა იყოს.

“ღირებულებების ნაწილში თანხვედრა, გზავნილებში თანხვედრა, პოლიტიკურ ხედვებში თანხვედრა გვაძლევს იმის საფუძვლიან მოლოდინს, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გადაიტვირთება. რეალურ პარტნიორობაზე გვაქვს ჩვენ საუბარი, ფარატინა ფურცელზე დაწერილი პარტნიორობა ჩვენთვის არაფერს არ ნიშნავს.

პარტნიორობა უნდა იყოს რეალური, მაგალითად ისეთივე სტრატეგიული პარტნიორობა, როგორიც ჩვენ ჩინეთთან გვაქვს. ჩვენი და აშშ-ის ურთიერთობის გადატვირთვა დამოკიდებული არის ერთის მხრივ, უკრაინაში ამ ტრაგედიის დასრულებაზე და მეორეს მხრივ, იმაზე შეძლებს თუ არა ბატონი ტრამპი „დიფ სთეითის“ დამარცხებას და განადგურებას ამერიკაში.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისურვებდით და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი ასეც მოხდება. თვითონ ურთიერთობების გადატვირთვას, რაც შეეხება, ჩვენ ძალიან თავშეკავებულები ვართ. რა არ დაუბრალებია რადიკალურ ოპოზიციას „ქართული ოცნებისთვის“, ყველაფერი გამოუგონებიათ და დაუბრალებიათ. ერთადერთი არ დაუბრალებიათ, რომ „ქართულ ოცნებას“ ახასიათებს სიმჩატე. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ძალიან თავშეკავებულები ვართ, მოვლენებს წინ არ ვუსწრებთ. იყო ძალიან საინტერესო საუბარი ქალბატონ ელჩსა და ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრს შორის, მაგრამ ეს იყო დახურულ კარს მიღმა საუბარი. შესაბამისად, ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ რაღაც დეტალები გარეთ გამოვიტანოთ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები