ლონდონის უმსხვილესი აეროპორტი ჰითროუ მასთან ახლოს მდებარე ელექტრო ქვესადგურზე მომხდარი ავარიის გამო დროებით დაიხურა.
მედიის ცნობით, ელექტრო ქვესადგურზე აფეთქების ხმა გაისმა, რის შემდეგაც ცეცხლი გაჩნდა. ამის გამო აეროპორტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
“შეიძლება გაინტერესებთ, ვიცით თუ არა, რატომ მოხდა ეს. ამ დროისთვის, აქცენტი კეთდება ენერგიის აღდგენაზე, ჩვენ ჯერ არ გვაქვს რაიმე ინფორმაცია, თუ რამ გამოიწვია ის”, – აცხადებს დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკის მინისტრი, ედ მილიბენდი.
როგორც The Financial Times-ი იუწყება, აეროპორტი მთელი დღის განმავლობაში დაკეტილი იქნება. ის ვერც მგზავრებს მოემსახურება, ვერც რეისების მიღებას შეძლებს. ყველა თვითმფრინავი გადამისამართებულია სხვა აეროპორტებში, ხოლო ზოგი ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა.
“ეს აშკარად მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჩვენს ფრენებსა და მომხმარებლებზე. ჩვენ ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად განვაახლოთ რეისები მომდევნო 24 საათის განმავლობაში”,- წერს British Airways-ი სოციალურ ქსელში.
ლონდონის სახანძრო ბრიგადამ დაადასტურა, რომ ჰეისში ხანძარი ახლა კონტროლის ქვეშაა და დასძინა, რომ სასწრაფო დახმარების სამსახურები ადგილზე დარჩებიან მთელი დღის განმავლობაში.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.