საქართველოს კულტურის სამინისტრო მერაბ კოკოჩაშვილს იუბილეს ულოცავს
საქართველოს კულტურის სამინისტრო გამოჩენილ, ქართველ კინორეჟისორს და პედაგოგს, საქართველოს სახალხო არტისტს, თბილისის საპატიო მოქალაქეს მერაბ კოკოჩაშვილს ულოცავს 90 წლის იუბილეს.
,,უდიდესია მერაბ კოკოჩაშვილის წვლილი ქართული კინოს განვითარებაში. რეჟისორის სახელს უკავშირდება მსოფლიო ასპარეზზე საბჭოთა კინოსგან ქართული კინოს, როგორც ცალკე ფენომენის გამოყოფა.
„დღეს დაიბადა ქართული კინოს ფენომენი“ – ამ სიტყვებით მიმართა დამსწრე საზოგადოებას ნობელის პრემიის ლაურეატმა, გიუნთერ გრასმა 1975 წელს, ბერლინში, ქართული კინოს კვირეულის გახსნაზე მერაბ კოკოჩაშვილის შედევრის – „დიდი მწვანე ველი“ ჩვენების შემდეგ.
მერაბ კოკოჩაშვილის ფილმოგრაფიაშია მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმები, მათ შორის ხუთსერიიანი სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი „გზა“ , რისთვისაც 1987 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
მიმდინარე წელს, ბერლინის 75-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ევროპული კინოს ბაზრობაზე (EFM) საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის პავილიონი მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა.
კულტურის სამინისტრო მერაბ კოკოჩაშვილს ჯანმრთელობას და მხნეობას უსურვებს”, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.