სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული ბ.ც. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირის პირადი, საცხოვრებელი სახლის და ავტომობილის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 35 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ფული, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.