„ისტორიულ – ლიტერატურული ათინათები“ – კონსტანტინე გამსახურდიას წიგნის წარდგენა გაიმართა
ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის, კონსტანტინე გამსახურდიას წიგნის – „ისტორიულ – ლიტერატურული ათინათები“ – წარდგენა გაიმართა.
ლიტერატურის ინსტიტუტის ინფორმაციით, გამოცემას სოციალურ მედიაში მეცნიერი, მწერალი, კრიტიკოსი როსტომ ჩხეიძე გამოეხმაურა – „ისტორიულ – ლიტერატურული ათინათების“ ათინათური (შეხმიანებად კონსტანტინე გამსახურდია-უმცროსთან)“.
„ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში ახალი პროექტი – „ლიტერატურის ეროვნული ენერგია“ – წარმატებით რომ დაიწყებოდა, შესაფერისადაც უნდა გაგრძელებულიყო კონსტანტინე გამსახურდია-უმცროსის თხუთმეტ ნარკვევიანი კრებულის: „ისტორიულ – ლიტერატურული ათინათები“ – წარდგენით:
ავტორი წიგნის მიმოხილვას ლექციის ყაიდის გამოსვლად რომ გადააქცევდა: მომხსენებელნი კი, – ლია წერეთელი იქნებოდა, ანა ლეთოდიანი, ლია ბაშელეიშვილი თუ გია არგანაშვილი – თავყრილობას სამეცნიერო სესიის იერსაც შესძენდნენ, მათი კრიტიკულ-ესთეტიკური წერილები გამოქვეყნების შემდეგ პოპულარიზაციასაც გაუწევენ ამ არაორდინარულ კრებულს და გააგრძელებენ კიდეც მსჯელობა-ანალიზს იქ წამოჭრილ ცალკეულ საკითხებზე. და კოკა ბრეგაძეც უთუოდ აქცევს გამოხმაურებად თავის ზეპირ გამოსვლას, თეზისები წინასწარვე რომ მოემზადებინა. შეკრებას გაამრავალფეროვნებდა შეკითხვები თუ იმპროვიზებული სიტყვები: ირაკლი კენჭოშვილის, მაკა ელბაქიძის, ერეკლე საღლიანის და ნათელა ვაჩნაძის, თქვენი მონა – მორჩილიც რომ გაერეოდა.
გაუძღვებოდა – მანანა კვაჭანტირაძე, რომლის ორგანიზებითაც გაიმართებოდა ეს განხილვა-საღამო.
შესავალ სიტყვაში კი,ირმა რატიანი – ინსტიტუტის დირექტორი და ამ პროექტის თაოსანი – გაიხსენებდა ზვიად გამსახურდიას იმ კუთხით, როგორც ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელსა და არაერთხელ სიტყვითა, თუ მოხსენებით გამოსულს ამ დარბაზში და განაცხადებდა, რომ: მალე უნდა ველოდეთ აქ მისი სახელობის კაბინეტის გახსნასაც“, – ვკითხულობთ როსტომ ჩხეიძის მიერ წიგნისადმი მიძღვნილ გამოხმაურებაში.