აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მარკო რუბიო და სერგეი ლავროვი აშშ-სა და რუსეთს შორის კომუნიკაციის აღდგენისთვის მუშაობაზე შეთანხმდნენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იტყობინება.
ამავე ინფორმაციით, მარკო რუბიომ სერგეი ლავროვს აცნობა ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტების” წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო შემაკავებელი ოპერაციების შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ არ მოითმენს წითელ ზღვაში მის სამხედრო და კომერციულ გემებზე „ჰუსიტების“ თავდასხმებს.
“სახელმწიფო მდივანმა რუბიომ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ასევე განიხილეს საუდის არაბეთში ბოლო შეხვედრების შემდგომი ნაბიჯები და შეთანხმდნენ, გააგრძელონ მუშაობა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის კომუნიკაციის აღდგენისთვის”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.