სომხეთის საგარეო უწყება: სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეთანხმებულია
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადება, რომ სომხეთი დათანხმდა აზერბაიჯანის წინადადებებს სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის გამორჩენილ მუხლებთან დაკავშირებით,- ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
„სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური არხებით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს აცნობა, რომ სომხეთი იღებს სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამშვიდობო შეთანხმების პროექტის შეუთანხმებელ ორ მუხლზე აზერბაიჯანის წინადადებებს და შესთავაზა ერთობლივი განცხადების გაკეთება სამშვიდობო შეთანხმების ტექსტის შეთანხმებისა და პროექტზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ.
ოფიციალურმა ბაქომ უპირატესობა მიანიჭა ერთპიროვნული განცხადების გაკეთებას. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეთანხმებულია და პროექტზე მოლაპარაკებები დასრულებულია. ამრიგად, სამშვიდობო შეთანხმება მზად არის გასაფორმებლად. სომხეთი მზად არის, აზერბაიჯანთან ერთად განიხილოს შეთანხმების ხელმოწერის დროისა და ადგილის საკითხი“, – აღნიშნულია განცხადებაში.