ეროვნულმა არქივმა საარქივო და რესტავრირებული ფილმების საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

საარქივო და რესტავრირებული ფილმების მე-12 საერთაშორისო ფესტივალზე „Toute la mémoire du monde”, პარიზის სინემატიკაში, აღდგენილი ქართული კინომემკვიდრეობის ჩვენება მოეწყო. – ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.

კინოფესტივალში საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა მონაწილეობა პირველად მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები მუნჯი ფილმები გაციფრულდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ, საქართველოს კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.

ფილმების წარდგენისას ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორმა გიორგი კაკაბაძემ საქართველოში მიმდინარე კინოსარესტავრაციო საქმიანობასა და კინოფირების გაციფრებაზე ისაუბრა.

პარიზში შეკრებილმა მაყურებელმა ქართული მუნჯი კინოს ხუთი ნიმუში – ალექსანდრე წუწუნავას „ვინ არის დამნაშავე?” (1925) და „ჯანყი გურიაში” (1928), ნიკოლოზ შენგელაიას „ელისო” (1928), მიხეილ ჭიაურელის „ხაბარდა” (1931) და კოტე მიქაბერიძის „ჩემი ბებია” (1929) – იხილა. ფესტივალის ბოლო დღეს კი ნაჩვენები იყო გიორგი შენგელაიას ფილმი „ფიროსმანი (1969).

ფესტივალის ფარგლებში, მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებისა და თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის წარდგენის მიზნით, შეხვედრები გაიმართა პარიზის სინემატიკის წარმომადგენლებსა და კინოს სხვა პროფესიონალებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები