სოზარ სუბარი: ლორა თორნტონი უნდა გამოცხადდეს პერსონა ნონგრანტად, მოვუწოდებ ხელისუფლებას და ვითხოვ კატეგორიულად არ მოხდეს ამ ადამიანის შემოშვება საზღვარზე
პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელის და მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის ლორა თორნტონის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას „ბოლო ბასტიონები ახლა მედია და სამოქალაქო საზოგადოებაა” ჟურნალისტებთან საუბარში ეხმიანება და ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოითხოვს არ მოხდეს მისი ქვეყანაში შემოშვება.
მისივე თქმით, ლორა თორნტონი მის მიერ გაკეთებული დანაშაულებრივი მოწოდებების გამო საქართველოში პერსონა ნონგრანტად უნდა გამოცხადდეს.
„როცა ლორა თორნტონი ამბობს, რომ დემოკრატიის ბოლო ბასტიონი მედია და ენჯეოებია, ძალიან მაინტერესებს რას გულისხმობს ამაში? რომელ ქვეყანას გულისხმობს? იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში რასაც აკეთებს ახალი ადმინისტრაცია. მათ თქვეს, რომ ენჯეოები არიან დამნაშავეები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის, ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე აწყობენ რევოლუციებს, ჩადიან უამრავ დანაშაულს და მათი საქმიანობა უნდა იქნეს გამოძიებული. ზუსტად იმავეს ამბობს ამერიკის ადმინისტრაცია ამერიკაში მოქმედ ძალიან ბევრ მედიაზე. იგივე სტანდარტია ჩვენთანაც.
დავალებები, რომელსაც ლორა თორნტონი აძლევს აქაურ აგენტურას არის დანაშაულებრივი. ის ამბობდა, რომ „თუ არ იქნება მსხვერპლი და ხალხი ქუჩაში არ გამოვა ხელისუფლებას ვერ შეცვლით” – ეს არის დანაშაულებრივი მოწოდება, რის გამოც ის უნდა გამოცხადდეს საქართველოში პერსონა ნონგრანტად. მოვუწოდებ ხელისუფლებას და ვითხოვ კატეგორიულად, რომ ამ ადამიანის შემოშვება საზღვარზე არ მოხდეს,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.