სიბიგა: ცეცხლის დროებითი შეწყვეტა კონფლიქტის გაყინვას არ ნიშნავს
ამერიკული მხარე ამჟამად აპირებს რუსეთთან საუბარს იმის გასარკვევად, მზად არიან თუ არა ისინი ომის დასასრულებლად,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინა არ წარმოადგენს დაბრკოლებას მშვიდობისთვის, ის პირიქით, პარტნიორია მის აღდგენაში.
“ერთობლივ განცხადებაში საუბარია ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე, რომელიც შემოიფარგლება 30-დღიანი ვადით და განხორციელდება მხოლოდ რუსეთის მხრიდან საპასუხო თანხმობის შემთხვევაში. ამერიკული მხარე ამჟამად აპირებს რუსეთთან საუბარს იმის გასარკვევად, მზად არიან თუ არა ისინი ომის დასასრულებლად.
რატომ არის ასეთი, ცეცხლის დროებითი შეწყვეტა მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს კონფლიქტის გაყინვას. ეს ის ნაბიჯია, რომელიც აჩვენებს, ვინ არის რეალურად დაინტერესებული მშვიდობით”,- განაცხადა მინისტრმა.
სიბიგა თვლის, რომ მოლაპარაკებები არის წინსვლისკენ გადადგმული ნაბიჯი და იმის დამადასტურებელი, რომ უკრაინა მზად არის, წინ წავიდეს ომის სამართლიანი დასრულების გზაზე.
“უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაუყოვნებლივი აღდგენის შესახებ განცხადება პოზიტიურ სიგნალს იძლევა უშუალოდ უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერებისგან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე”,- აღნიშნავს სიბიგა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების გათავისუფლებას, ასევე უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას, რაც უკრაინის პრინციპული პოზიცია იყო.
„ასევე მნიშვნელოვანი იყო უკრაინული მხარისთვის პირდაპირი მითითება იმის შესახებ, რომ ევროპელმა პარტნიორებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა ნებისმიერ სამშვიდობო მოლაპარაკებაში. ჩვენი პოზიციაა: არ არსებობს ევროპის გრძელვადიანი უსაფრთხოების გადაწყვეტის გზები ევროპის გარეშე“, – განაცხადა სიბიგამ.