სირიის ახალმა ხელისუფლებამ ქურთებთან ხელშეკრულება გააფორმა
აშშ-ის მიერ მხარდაჭერილმა სირიელი ქურთების დაჯგუფებამ სირიის მთავრობასთან შეთანხმებას მოაწერა ხელი,- ამის შესახებ სირიის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა.
სირიის ადამიანის უფლებათა დამკვირვებელი ორგანიზაციის მონაცემებით, სირიაში დროებითი მთავრობის უსაფრთხოების ძალებსა და ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერებს შორის შეტაკებებს 1 500-მდე ადამიანი, უმეტესად კი მშვიდობიანი მოქალაქეები შეეწირნენ.
შეთანხმება ითვალისწინებს ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის ქურთების ავტონომიური ადმინისტრაციის სამოქალაქო და სამხედრო ინსტიტუტების ინტეგრაციას სირიის ახალ მთავრობაში. შეთანხმება, რომელიც 2025 წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს, განსაზღვრავს კონკრეტულ ადგილებს ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, მათ შორის სასაზღვრო პუნქტებს, აეროპორტს და ნავთობისა და გაზის საბადოებს.
2024 წლის დეკემბერში, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, სირიის ახალი ხელისუფლება აჰმედ ალ შარაას მეთაურობით ცდილობს, დაშალოს სირიაში მოქმედი შეიარაღებული ჯგუფები და დაამყაროს კონტროლი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
სირიის ახალმა ხელმძღვანელმა, ოპერაციის დასრულებაზე კომენტირებისას სამხედრო მოქმედებების ინიციატორებად ასადის მომხრე ჯგუფები დაასახელა და პირობა დადო, რომ დასჯის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რეპრესიებში დამნაშავეებს – თუნდაც მათ შორის მისი მომხრეები იყვნენ.