მწერალთა სახლი – 2025 წლის ლონდონის წიგნის ბაზრობაზე

მწერალთა სახლის ორგანიზებით, საქართველო 2025 წლის ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და წარმომადგენლობითი დელეგაციით მონაწილეობს.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, წიგნის ყოველწლიური ბაზრობა 11-13 მარტს, ტრადიციულად „ოლიმპია ლონდონში“ იმართება. ლონდონის წიგნის ბაზრობისთვის მასშტაბური ქართული სტენდის მოწყობასა და კულტურული პროგრამის შემუშავებაზე მწერალთა სახლი საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით მუშაობდა.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე გამოიფინა მწერალთა სახლის ფინანსური მხარდაჭერით გამოცემული და ათამდე ქართული გამომცემლობის 200-მდე წიგნი.
ქართული სტენდის სლოგანი შექმნილია იოანე-ზოსიმეს „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ ინსპირაციით:
„აღმოაჩინე ქართული საიდუმლო − რამეთუ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს“.
წარმოდგენილია X საუკუნის ხელნაწერის ასლი.
ქართული დელეგაციის წევრები, ქართული ლიტერატურისა და წიგნის პოპულარიზაციის მიზნით, შეხვედრებს გამართავენ სხვადასხვა ქვეყნის მთარგმნელებთან და გამომცემლებთან.
მწერალთა სახლთან თანამშრომლობის სურვილი 20-ზე მეტმა უცხოელმა გამომცემელმა გამოთქვა. ამისთვის მომზადდა სპეციალური ბუკლეტი და ინგლისურ ენაზე ითარგმნა 50-მდე ავტორის ნაწარმოებთა სინოფსისი.
სამი დღის განმავლობაში, სამუშაო შეხვედრების პარალელურად, ქართული დელეგაცია ექვს საჯარო ღონისძიებას გამართავს. თითოეული მათგანი გამდიდრებულია აუდიო-ვიზუალური მასალით, რაც დამსწრე საზოგადოებას საშუალებას მისცემს, გაეცნოს არა მხოლოდ ქართულ ლიტერატურას, არამედ კინემატოგრაფიას, მუსიკას, მხატვრობას.
დაგეგმილია იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი ტექსტის წარდგენა, რომელიც 2025 წლის ლონდონის წიგნის ბაზრობის ქართული სტენდის მთავარი მოტივია;
გაიმართება წარდგენა და დისკუსია გამოცემაზე „სიტყვა, როგორც მუსიკა და მოძრაობა“ − მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიის თანხლებით;
Royal Asiatic Society-ში (სამეფო აზიური საზოგადოება) გაიმართება ოლივერ და მარჯორი უორდროპების ღვაწლის აღნიშვნა თამარ მახარაძის მიერ მათ შესახებ შექმნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენებით;
ღონისძიების მეორე ნაწილში მწერალთა სახლის ინიციატივით დაწესებული „მადლიერების ჯილდო“ გადაეცემათ უცხოელ ლიტერატორებს – ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, ლონდონის წიგნის ბაზრობაზე გადაეცემა ქართველოლოგ დონალდ რეიფილდს;
გაიმართება კარლო კაჭარავას ლექსებისა და პროზაული ჩანაწერების მისივე ილუსტრაციებით გაფორმებული ინგლისურენოვანი კრებულის „ავტობიოგრაფიის მითი“ წარდგენა, რომელიც მწერალთა სახლის თანამონაწილეობით გამოიცა;
საქართველოს ეროვნულ სტენდზე ბრიტანული ორგანიზაცია Poetry Translation Centre (პოეზიის თარგმნის ცენტრი) ქართველ პოეტ ლია სტურუასთვის ჯილდოს მწერალთა სახლის წარმომადგენელს გადასცემს;
გაიმართება სპეციალურად ლონდონის წიგნის ფესტივალისთვის გამოცემული, მამია მალაზონიას ილუსტრაციებით გაფორმებული „ვეფხისტყაოსნის“, ქართული ხალხური ზღაპრების და სხვა წიგნების წარდგენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები