ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გრაცის კარლ ფრანზენის უნივერსიტეტის პროფესორი – ერიხ რენჰარტი ეწვია სტუმრად
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სტუმრად ეწვია გრაცის კარლ ფრანზენის უნივერისტეტის ხელნაწერთა და სპეციალური კოლექციის დეპარტამენტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პროფესორი ერიხ რენჰარტი.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვიზიტი შედგა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის – „გრაგნილი ხელნაწერების ინტერდისციპლინური კვლევა“ – ფარგლებში. პროფესორი ერიხ რენჰარტი პროექტის სამეცნიერო კონსულტანტია.
პროექტი გულისხმობს საქართველოს სიძველეთსაცავებში, კერძოდ, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საქართველოს ეროვნულ არქივსა და ქუთაისში დაცული ხელნაწერი გრაგნილების, როგორც ხელნაწერი წიგნის ერთ-ერთი ფორმის, შესწავლას, რომლებითაც ჩვენამდე მოაღწია მცირე მოცულობის სასულიერო თუ საერო დარგების ტექსტებმა.
გრაგნილი ხელნაწერი წიგნების შესწავლაში მონაწილეობენ მეცნიერების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები: ლელა შათირიშვილი – პროექტის ხელმძღვანელი, ფილოლოგი, კოდიკოლოგი და ტექსტოლოგი; შორენა თავაძე – კოორდინატორი, კონსერვაციისა და რესტავრაციის მეცნიერი თანამშრომელი, პრაქტიკოსი რესტავრატორი, ნესტან ჩხიკვაძე – ფილოლოგი, კოდიკოლოგი და ტექსტოლოგი, მანუჩარ გუნცაძე – მონაცემთა ბაზების სპეციალისტი.
ინოვაციურია პროექტის საფუძველზე ჩატარებული გრაგნილი ხელნაწერების კვლევა, რადგან იგი მოიცავს მულტიდისციპლინურ – კოდიკოლოგიურ-ტექსტოლოგიურსა და სტრუქტურულ-კონსერვაციულ – კომპონენტებს; ამასთან ითვალისწინებს ეტრატსა და ქაღალდზე შესრულებული გრაგნილი ხელნაწერების სისტემატიზაციასა და მიღებული მონაცემების საერთაშორისო სამეცნიერო მიმოქცევაში ჩართვას როგორც მონაცემთა ელექტრონული ბაზის, ასევე შესაბამისი პუბლიკაციების შექმნისა და გავრცელების მეშვეობით.