პროფესიით იურისტია. დაიბადა და გაიზარდა ბათუმში. ერთხანს მუშაობდა პროფესიით. შემდეგ ისე მოხდა, რომ საყვარელი საქმე – დეკორატიული ნივთების კეთება იქცა ძირითად საქმიანობად. მოახლოებულ აღდგომას ახალი სააღდგომო კოლექციებით ხვდება. – სოფო პაიჭაძის პერსონა.
– ბათუმში, ძალიან თბილ და მოსიყვარულე ოჯახში დავიბადე. დავამთავრე სკოლა და ჩავაბარე თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. პატარაობიდან შემეძლო, თითქოს უსარგებლო ნივთებიდან სილამაზე შემექმნა. შეიძლება ითქვას, რომ პატარაობიდან ჩემი ჰობი იყო დეკორატიული ნივთების კეთება.
პროფესიით იურისტს არასდროს მეგონა, თუ ბავშვობის ჰობს დავუბრუნდებოდი. მთელი გულით და შეგნებით ვიყავი ჩემი პროფესიით დაკავებული და შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ წარმატებულიც.
– როდის დაიწყეთ ხელნაკეთების დამზადება”
– მესამე შვილის გაჩენის შემდეგ, დეკრეტული შვებულების დროს, მომინდა სახლისთვის რამდენიმე დეკორაციის დამზადება. შევიძინე ყალიბი და სხვა საჭირო მასალა. კარგად გამომივიდა, თუმცა ჩემი თავით არასდროს ვარ კმაყოფილი. ძალიან ბევრი ვიმუშავე და დღემდე ვმუშაობ მცირე ხარვეზების გამოსასწორებლად.
– გაქვთ გვერდი: Magical handmade. გაზაფხულის მახარობლებმა – თაბაშირის ხელნაკეთმა დეკორაციებმა უკვე მიიპყრეს ყურადღება. საინტერესოა გოგრის და სხვა ზარდახშები, სასურველ ფერებში… რატომ თაბაშირი?
– ოჯახის წევრების და ახლობლების თხოვნით, გადავწყვიტე ჩემი ხელსაქმის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა, ამიტომ შევქმენი გვერდი და დავდე ჩემი ნამუშევრები. არ მეგონა, ასეთი გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა. რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა. ვცდილობ, მხოლოდ თაბაშირი არ გამოვიყენო და ჩემი კუთვნილი ხაზი მქონდეს. ამიტომ შემოვიღე დეკუპაჟის პრინციპით თაბაშირის გალამაზება. დიზაინს და ფერებს ვათანხმებ მომხმარებელთან და ამის შემდეგ ვიწყებ მზადების საინტერესო პროცესს.
– მოდის აღდგომა. თქვენს გვერდზე სააღდგომო კვერცხები და სხვა აქსესუარებიც გამოჩნდა …
– სააღდგომო კვერცხების გარდა, ასევე მაქვს ბაჭიების და წიწილების ახალი სააღდგომო კოლექცია. ვმუშაობ დიდი ზომის კვერცხის დეკუპაჟით შესრულებაზეც. გარდა ამისა, მაქვს საბავშვო ყუთები, სადაც პატარები ისევე ისწავლიან ხელოვნების სიყვარულს, როგორც თავის დროზე – მე. საბავშვო გასაფერადებელი თაბაშირები დადებითად მოქმედებს როგორც პატარის წვრილ მოტორიკაზე, ასევე ეხმარება მას ფერების მეშვეობით გრძნობების გადმოცემაში.
– ერთი ნამუშევრის საინტერესო ამბავი.
– „სეკრეტ სანტას“ თამაშის დროს ერთი არაჩვეულებრივი ქალბატონის სანტობა მხვდა წილად. ნივთის კეთების დროს უამრავ კეთილ სურვილს ჩავუთქვამდი ხოლმე და მჯეროდა, რომ აუცილებლად ახდებოდა. ასეთი გრძნობებით გადაცემული საჩუქარი ბევრად უფრო ამაღელვებელი იყო, ვიდრე სხვაგან შეძენილი.
– ფიქრობთ, რომ თქვენი ჰობი სამომავლოდ ძირითად საქმედ გადაიქცევა?
– მინდა, მალე ჩემი პატარა სახელოსნო გავხსნა, სადაც ვუმასპინძლებ მასტერკლასების მსურველებს. ვფიქრობ, ხელოვნება ჩემს სამომავლო საქმიანობად იქცევა.– შვილები, ოჯახი… როგორ ასწრებთ ყველაფერს ერთად?
– მყავს სამი შვილი. 12 წლის გოგონა, 5 და 2 წლის ბიჭები. მეუღლესთან ერთად ვცხოვრობ მარტო. საოჯახო საქმიანობა და ბავშვების მოვლა-პატრონობაში მე და ჩემი მეუღლე თანაბრად ვმონაწილეობთ. ჩემი მეუღლე საქართველოს საჰაერო თავდაცვაში მსახურობს, წოდებით კაპიტანია. ყველანაირად მიწყობს ხელს, რომ დავკავდე ჩემი საყვარელი საქმით, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი განტვირთვის მთავარი წყაროა.
– სამომავლო გეგმები?
– სამომავლოდ, როცა პატარაც ბაღში შევა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მინდა ჩემი სახელოსნო გავხსნა. მჯერა და მწამს, რომ ამ ოცნებასაც ავიხდენ, როგორც სხვა დანარჩენები ავიხდინე პატარ-პატარა ნაბიჯებით.
თამარ შაიშმელაშვილი