მწერალთა სახლის მიერ გამოცხადებული ხელშეწყობის პროგრამა გამომცემლობებისთვის დასრულდა და გამარჯვებულები გამოვლინდნენ
მწერალთა სახლის მიერ გამოცხადებული ხელშეწყობის პროგრამა გამომცემლობებისთვის, რომელიც ითვალისწინებს გამომცემლობების მიერ წარმოდგენილი, წიგნად გამოსაცემი ნაწარმოებების ფინანსურ მხარდაჭერას (არანაკლებ 3 000 და არაუმეტეს 5 000 ლარის ოდენობით), დასრულდა.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში შევიდა 25 განაცხადი, რომლებიც განიხილა სპეციალურმა კომისიამ და გამოავლინა გამარჯვებულები:
▪️ გამომცემლობა „ბილიკები“ (რევაზ კვერენჩხილაძე − „საბუთები ღაღადებენ“);
▪️ გამომცემლობა „მერიდიანი“ (გიორგი სოსიაშვილი − „რჩეული მოთხრობები“);
▪️ გამომცემლობა „უნივერსალი“ (ამირან გომართელი − „ტრადიცია და ტრადიციის კვალდაკვალ“);
▪️ გამომცემლობა „საუნჯე“ (გივი ჩიღვინაძე − „სურათები ძველი ალბომიდან“);
▪️ გამომცემლობა „წიგნი+ერი“ (ჯეკო სვიმონიშვილი − „წითელი სიკვდილი“, სალომე ტაბატაძე − „სამი დეტექტივი“, სერგო ქიტიაშვილი − „პარანოია“).
„კომისიის გადაწყვეტილებით, უპირატესობა მიენიჭა გამომცემლობებს, რომლებმაც წარმოადგინეს იმ ავტორთა წიგნები, რომელთა შემოქმედება (ნაშრომი) ზედმიწევნით პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და აქტიურად არის ჩართული ლიტერატურულ პროცესებში.
რეალურად, გამოცხადებული პროგრამის ფარგლებში შემოვიდა 27 ავტორის შესახებ განაცხადი, თუმცა აქედან 3 ავტორის წიგნზე (ჯეკო სვიმონიშვილი − „წითელი სიკვდილი“, სალომე ტაბატაძე − „სამი დეტექტივი“, სერგო ქიტიაშვილი − „პარანოია“) განაცხადი ერთმა გამომცემლობამ („წიგნი+ერი“) წარმოადგინა, რომელიც სტანდარტულად ერთი გამომცემლობისთვის დაწესებულ დაფინანსებას მიიღებს.
უნდა აღინიშნოს, რომ „წიგნი+ერის“ მიერ წარმოდგენილი სამივე ავტორი დებიუტანტია. შესაბამისად, კომისიამ მხარი დაუჭირა პერსპექტიული ახალგაზრდა ავტორების წარმოჩენას და გამომცემლობას მისცა შესაძლებლობა, დასტამბოს დებიუტანტი პოეტები და პროზაიკოსები.
პროგრამის ფარგლებში შემოსული 25 განაცხადიდან, ვინაიდან ბევრი იყო საყურადღებო და საინტერესო პროექტი, რომლებიც ამჯერად ვერ მოხვდნენ ხუთეულში, კომისიის გადაწყვეტილებით მათ მიეცემათ შესაძლებლობა, დასახელდნენ გამარჯვებულთა შორის, ახალ ხუთეულთან ერთად, პროგრამის მომდევნო გამოცხადებისას, რომელიც ამა წლის სექტემბერში იგეგმება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.