„ეთერშია ჰელიოსი“ – სპექტაკლის პრემიერა გაიმართება
11 მარტს, 20:00 საათზე, სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე „თეატრი – კონტაქტის“ სპექტაკლის პრემიერა – „ეთერშია ჰელიოსი“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ეს ამბავი, ერთი მხრივ, მოგვითხრობს მითოლოგიური მზის ღმერთის ჰელიოსის შესახებ, მაგრამ, ამავდროულად, არაფერი აქვს საერთო ბერძნულ მითთან. სპექტაკლში „ჰელიოსი“ არ წარმოადგენს ადამიანს ან პიროვნებას, ის მხოლოდ სიმბოლური გასაღებია თვითშემეცნების გზაზე აზროვნების ვაკუუმში მყოფი ადამიანისთვის.
„მთავარი მოქმედება ხდება სიმულაციურ სამყაროში არსებულ სარკეებიან ოთახში, სადაც მოსახლეობა ზომბირებულ, „მძინარე“ მდგომარეობაში იმყოფება. ეკრანებზე მიჯაჭვულ ადამიანებს ტელე-რადიო მაუწყებელი აწვდის საგანგებო ინფორმაციას, რომ შესაძლოა, მათ სამყაროში გამოჩნდეს „ჰელიოსი“ და სიფრთხილისკენ მოუწოდებს მოსახლეობას.
სოციუმის წევრებში შეინიშნება დაბნეულობა. ისინი არაერთგვაროვნად რეაგირებენ ამ ინფორმაციასა და ჰელიოსის გამოჩენაზეც სხვადასხვაგვარ მოლოდინს ამყარებენ. ზოგიერთი მათგანი ხსნას მესიის გამოჩენაში ხედავს.
ნაჩვენებია, ციფრულ ოთახში გამოკეტილი სოციუმის კრიზისული მდგომარეობის თავისებურებები: შინაგანი ქაოსური და ამღვრეული განცდები, საკუთარ თავთან და ერთმანეთთან არსებული დაპირისპირება, გახლეჩილობა, ამპარტავნობა, შინაგანი სიცარიელის განცდა, ცინიზმი, ორპირობა, ტოქსიკური პოზიტივი და გულუბრყვილობა რომელიც ვლინდება ყოველდღიურობაში. ფსიქოლოგიური კრიზისის ფონზე მოსახლეობის წევრები ერთმანეთს სთავაზობენ ფსევდო სულიერი და პიროვნული ზრდის სერვისებს და პროფანულ მომსახურებას.
მიუხედავად ამისა, ადამიანთა მცირე ნაწილი მეტად გრძნობს და იაზრებს ოთახში არსებულ მენტალურ ხაფანგებს და ილუზორულობას. ხდება ფასეულობების გადაფასება და თვითრეფლექსიის მცდელობები.
ეკრანი მოულოდნელად წყვეტს მაუწყებლობას. მას მერ ჰელიოსის გამოჩენის ინტერესი კიდევ უფრო მძაფრდება და კულმინაციას აღწევს“, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დრამატურგი / რეჟისორი – ირა კოხრეიძე;
სცენოგრაფი /დადგმის ხელმძღვანელი – გიორგი მიქაბერიძე;
მუსიკის ავტორი – My Equinox Divine;
ვიდეო გრაფიკა – არჩილ ბედიაშვილი;
ჟანრი: სიმბოლიზმი / აბსურდის დრამა
მონაწილეობენ: მაშიკო თვალაბეიშვილი, გვანცა ჯავახიშვილი, ნანო გორდაძე, გიორგი გვასალია, ვასილ კიპაროიძე, ტატო სიხარულიძე, მანჩო კოხრეიძე, ლევან ბირკაძე ნინი ბიკოვი, ლუკა უშვერიძე, სესილი ღვინჯილია, მაიკო მინჯია, სანდრო დარსაველიძე, თაკო უჯმაჯურიძე, ანანო ჩიტაძე, დაჩი ზერაკიძე.
მისამართი: უზნაძის N 68.