„ამერიკელი სნაიპერი“ — რეალური ისტორია ცნობილი ფილმის უკან

კლინტ ისტვუდის 2014 წლის ფილმი „ამერიკელი სნაიპერი“ აშშ-ის საზღვაო ძალების სნაიპერის, კრის კაილის მემუარებზეა დაფუძნებული. ის აშშ-ის სამხედრო ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელი სნაიპერი გახდა. ფილმში კრისის როლს ბრედლი კუპერი ასრულებს, ხოლო მისი მეუღლისას — სიენა მილერი.


კრისტოფერ სკოტ კაილი დაიბადა 1974 წლის 8 აპრილს ტეხასის შტატში, დებორა ლინისა და უეინ კენეტ კაილის ოჯახში. მას უმცროსი ძმაც ჰყავდა. მამამისი დიაკვანი გახლდათ, რომელმაც რვა წლის ასაკში მყოფ კრისს პირველი ხელით გადასატენი 30-06 Springfield შაშხანა აჩუქა, მოგვიანებით კი — საფანტი. ამ იარაღებით, ისინი ერთად ნადირობდნენ ირემზე, მწყერსა და ხოხობზე. სკოლის დამთავრების შემდეგ კაილი რანჩოებზე მუშაობდა და როდეოთი იყო დაკავებული, თუმცა მისი როდეოს კარიერა დასრულდა, როდესაც მკლავი მძიმედ დაიზიანა. კაილი ტარლეტონის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორი წლის განმავლობაში რანჩოს მენეჯმენტსაც სწავლობდა.

კრის კაილი საზღვაო ქვეითთა სპეციალურ ოპერაციათა დანაყოფის წევრობით იყო დაინტერესებული, ამიტომ რეკრუტთა ოფისში მივიდა. აშშ-ის საზღვაო ძალების რეკრუტორმა ის დაარწმუნა, რომ საზღვაო ქვეითთა ძალების ნაცვლად, ზღვის ლომების დანაყოფი მოესინჯა. თავდაპირველად კაილი გამოუსადეგარად ჩაითვალა, მკლავში არსებული ორთოპედიული შიდა ფიქსატორების გამო, თუმცა ბოლოს მაინც მიიწვიეს 24-კვირიან კურსზე, რომელიც წარმატებით დაძლია 2001 წლის მარტში.

კაილი სნაიპერად SEAL Team-3-ის ქვედანაყოფში გააგზავნეს. ოთხი ტურის განმავლობაში მას ერაყის ომის მრავალ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობის მიღება მოუწია. მისი პირველი მოკლული მოწინააღმდეგე იყო ქალი, რომელიც ამერიკელ საზღვაო ქვეითებს ხელყუმბარით უახლოვდებოდა. CNN-ის ცნობით, ქალს მეორე ხელში თოთო ბავშვი ეჭირა. ბრძანებისამებრ, კაილმა ცეცხლი გახსნა და სამიზნე მანამ მოკლა, ვიდრე ის საზღვაო ქვეითებზე თავდასხმას შეძლებდა.

„ქალი უკვე მკვდარი იყო. მე, უბრალოდ, უზრუნველვყოფდი, რომ მას თან არ გაეყოლებინა საზღვაო ქვეითები. ცხადი იყო, რომ მას არა მხოლოდ მათი დახოცვა უნდოდა, არამედ საერთოდ არ ანაღვლებდა არავინ, ვინც შესაძლოა, მის მიერ აფეთქებული ყუმბარით ან სროლის დროს დაღუპულიყო. ბავშვები ქუჩაში, ხალხი სახლებში, შესაძლოა, საკუთარი შვილიც…“

კაილის სახელი მალე გავრცელდა ერაყელ ამბოხებულთა რიგებში ქალაქ რამადიში, სადაც მას „შაითან არ-რამადი“ ანუ „რამადის ეშმაკი“ შეარქვეს. კაილის მოკვლისთვის გასამრჯელოც კი დაწესდა, 20,000 დოლარის ოდენობით, რომელიც მოგვიანებით 80,000-მდე გაიზარდა. ამბოხებულები ნიშნებსაც კი არჭობდნენ ქალაქში, რომლებზეც კაილის ხელზე არსებული ტატუირებული ჯვარი იყო გამოსახული, რისი მეშვეობითაც უნდა მომხდარიყო მისი ამოცნობა.

2008 წელს კაილმა განახორციელა ყველაზე შორი გასროლა, რომლითაც ამბოხებულთა სნაიპერი მოკლა. კაილი ამ 1 920-მეტრიან გასროლას „უბრალოდ იღბლიან გასროლას“ უწოდებდა, რომელიც McMillan TAC-338 სნაიპერული შაშხანით მოახდინა.

ამერიკელ ქვეითთა რიგებში კაილს „ლეგენდა“ შეარქვეს, მათ შორის, იმ საზღვაო ქვეითებმა, რომელთა დაცვაც კაილს პირადად ევალებოდა. ერაყში გატარებული ოთხი ტურის მანძილზე კაილი ორჯერ დაჭრეს და ექვსი ხელნაკეთი ბომბით აფეთქებას გადაურჩა. კაილი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელი სნაიპერია, ოფიციალურად აღიარებული 160 ლიკვიდაციით, თუმცა ის თავს არ მიიჩნევს საუკეთესო ამერიკელ სნაიპერად:

„ჩვენი სამიზნეები და ტექნიკური საშუალებები ბევრად განვითარებულია, ვიდრე იმ ბიჭების, რომლებიც ვიეტნამში იბრძოდნენ. ჩვენ გვყავს კარლოს ჰეთკოკი, რომელიც, ჩემი აზრით, ყველა დროის საუკეთესო სნაიპერია. ჩემს ანგარიშზე მეტი მოკლულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე მასზე უკეთესი ვარ“.

2013 წლის 2 თებერვალს კრის კაილი და მისი 35 წლის მეგობარი ჩედ ლიტლფილდი სასროლეთზე მოკლა ედი რეი რაუთმა. კაილი და ლიტლფილდი რაუთს ეხმარებოდნენ, გამკლავებოდა პოსტტრავმატული სტრესით გამოწვეულ აშლილობას და სასროლეთზეც სწორედ ამიტომ იყვნენ მასთან ერთად. რაუთს შიზოფრენიის დიაგნოზიც ჰქონდა დასმული და ოჯახის თქმით, სამხედრო სამსახურში ყოფნის დროს მიღებული პოსტტრავმატული სტრესით იტანჯებოდა. ოთხი თვის შემდეგ რაუთმა თქვა:

„მე მანქანის უკანა სავარძელზე ვიჯექი და არავინ მელაპარაკებოდა. მათ, უბრალოდ, სასროლეთზე მივყავდი, ამიტომ ვესროლე. ვნანობ, რაც გავაკეთე, მაგრამ ისინი არ მელაპარაკებოდნენ. დარწმუნებული ვარ, მათ ეს მაპატიეს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები