დავით მათიკაშვილი: ყველა უბედურება რადიკალების და აგენტურული ტელევიზიების ხელში საზოგადოების მოტყუების რესურსად გადადის
„ყველა უბედურება რადიკალების და აგენტურული ტელევიზიების ხელში საზოგადოების მოტყუების რესურსად გადადის,“ – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა სტიქიასთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებზე განაცხადა.
„იქნება ეს კონკრეტული ახალგაზრდის გარდაცვალება, მკვლელობა, სტიქიური უბედურება, რომელიც არის ბუნებით გამოწვეული პრობლემა, რომლის მიმართაც სახელმწიფო არის მაქსიმალურად ადეკვატური და ცდილობს მოახდინოს მყისიერი რეაგირება, ეს ყველაფერი, ისევ რადიკალების და აგენტურული ტელევიზიების ხელში გადადის საზოგადოების მოტყუების რესურსად. ხომ კარგად ჩანს, რომ ეს ძალები ნამდვილად არ ემსახურებიან არც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, არც კონკრეტული ადამიანების, მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერესების დაცვას და წარმოადგენენ სრულიად გასაგებ აგენტურულ მიმართულებას, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის წარმატება ნამდვილად არ აინტერესებთ“,- აღნიშნა მათიკაშვილმა.