სტიქიის შედეგებთან გამკლავების პროცესში სამხედროები აქტიურად მონაწილეობენ

„დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები უკვე მესამე დღეა აქტიურად მონაწილეობენ,“- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ყველა იმ კრიტიკულ ობიექტზე მუშაობენ, რომლის შესახებაც დავალებას საკოორდინაციო შტაბიდან იღებენ.

„სამხედროები, ასევე, დრონების საშუალებით სხვადასხვა მიმართულებაზე დაზიანების აღმოჩენისა და ელექტროენერგიის ოპერატიულად აღდგენის მიზნით, „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ თანამშრომლობენ. ჯარისკაცები, შტაბთან კოორდინაციით, ოპერატიულად ეხმარებიან მოსახლეობას და საჭიროების შემთხვევაში, საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფენ.

გურიის რეგიონში იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, რომლებიც მთავრობის წევრებთან ერთად, პრემიერის მიერ შექმნილი საკოორდინაციო შტაბის მუშაობაში მონაწილეობენ,“- წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები