ავთანდილ თალაკვაძე: ოპოზიციის მხრიდან სტიქიასთან დაკავშირებით მსგავსი ტიპის განცხადებები და საზოგადოების პროვოცირება, დანაშაულია
ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. ეს არის პირდაპირ დანაშაული, რასაც ადგილი ჰქონდა ოპოზიციის მხრიდან, – ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რითაც სტიქიასთან დაკავშირებით ოპოზიციის კომენტარებს გამოეხმაურა.
„ჩვენ ვიხილეთ დღეს მაგალითი, როდესაც სოციალურ სივრცეში მოხდა აპელირება იმისა, თითქოს დანგრეულ სახლში მოყოლილი იყო ბავშვი და ვერ ხდებოდა ამ ბავშვის გადარჩენა. ამას მოყვა საკმაოდ დიდი პანიკა მოქალაქეებში. ჩვენ რა თქმა უნდა, პირველ რიგში დავიწყეთ რეაგირება, პარალელურად გადამოწმება. მსგავსი ტიპის განცხადებები და საზოგადოების პროვოცირება, ვფიქრობ, რომ დანაშაულია და აუცილებლად ამ ადამიანებს მოეთხოვებათ პასუხი. ესენი არიან საკუთარ ქვეყანაზე ჩასაფრებული ადამიანები, რომელთა პირველი ამოცანაა, მათ იხილონ რაღაცა დიდი უბედურება და ამის დამადასტურებელი ფაქტი იყო ის, რაც გააკეთა სოციალურ ქსელში კონკრეტულმა ოპოზიციონერმა“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
ამასთან, მან მოქალაქეების ევაკუაციის საკითხთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.
„იმ შენობებიდან, სადაც ნგრევა იყო, ყველა ადამიანი უსაფრთხოდ არის გამოყვანილი. სამწუხარო ფაქტი იყო ერთ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ნგრევას მოყვა მსხვერპლი. სხვა ყველა შემთხვევაში, იმ შენობებიდან დროული ევაკუაცია განხორციელდა და მიმდინარეობს დათვალიერება შენობების. ჩვენ ფაქტობრივად ტერიტორია არ დაგვრჩა, სადაც არ მივდივართ, რომ დროულად მოხდეს ადამიანების გამოყვანა“, – განაცხადა ოზურგეთის მერმა.